ლევან მაჭავარიანი - სანქციებს უკვე მივეჩვიეთ, აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას თვეზე მეტი დარჩა სამუშაოდ და ეს არის კუდის ბოლო მოქნევა, ცდილობენ, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ ახალ ადმინისტრაციას
ჩვენ სანქციებს უკვე მივეჩვიეთ, უკვე ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარია, ეს რიტორიკა გვესმის, არც აკონკრეტებენ, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან და მათი მხრიდან ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ გლობალურადაც.
„შევახსენებ საზოგადოებას, მოქმედ ადმინისტრაციას სულ რაღაც ერთ თვეზე მეტი დარჩა სამუშაოდ და, სამწუხაროდ, ცდილობენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ ახალ ადმინისტრაციას არამარტო საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად, გლობალურ ჭრილშიც. ამის თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც რამდენიმე კვირის წინ უკრაინას ნება დართეს, ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე. ამას ისინი არ აკეთებდნენ სამი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ეს არის კუდის ბოლო მოქნევა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.