ლევან მაჭავარიანი - „ქართული ოცნების“ შტაბთან​ დაგეგმილად მოდის ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, მოვუწოდებ, პირველ რიგში, დიპკორპუსს, დაგმონ ეს ლიბერალური ფაშიზმი
ლევან მაჭავარიანი - „ქართული ოცნების“ შტაბთან​ დაგეგმილად მოდის ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, მოვუწოდებ, პირველ რიგში, დიპკორპუსს, დაგმონ ეს ლიბერალური ფაშიზმი

„ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბთან, სადაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, დაგეგმილად მოდის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, აწყობენ ორგანიზებულ, კარგად გააზრებულ პროვოკაციას, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა დღეს მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში. პირველ რიგში, ყველაზე გასაკვირია, თუ რატომ ადევნებენ დუმილით თვალყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი და რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი. დაგეგმილად მოდის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა – ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები არიან საქართველოში და აწყობენ ორგანიზებულ, კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.

რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თავი შევიკაოთ, რადგან ეს გამიზნულად, პირდაპირ ემსახურება მათ დღის წესრიგს. უნდათ, დუღილის ტემპერატურა აწიონ. კარგად ვიცით, რომ ამ ხალხის უმრავლესობა დაფინანსებულია სწორედ ევროკავშირის თანხებით. ასევე, ამ აგრესიული მოქალაქეების ძირითადი ბირთვი მდიდარი „ენჯეოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. რატომ არ იღებენ ხმას, რატომ არის დუმილი? არ არის ეს პირდაპირი ხელის შეშლა საარჩევნო პროცესში? რატომ სურთ, რომ ეს პოლარიზაცია უფრო გაღვივდეს? რატომ აკვირდებიან ამ ყველაფერს ჩუმად, თითქოს არაფერი ხდება?“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მომხდარი არის გამიზნული პროვოკაცია.

„არ ჩერდებიან, რადგან გარედან ეს დავალება აქვთ მიღებული, რათა სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ საქართველოში, ვინაიდან ოპოზიცია ბოლომდეა გამარგინალებული. ვხედავთ, რა დღეში არიან. შეკრეს გარედან დავალებული რაღაც კოალიცია ბატონმა გახარიამ და ხაზარაძემ, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს აგინებდნენ, ამ დროს კი ნახევარ საქართველოში ვერ დააკომპლექტეს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, იმდენად განადგურებულ მდგომარეობაში არიან და არავის სურს მათთან ასოცირება.

ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, დიპლომატიურ კორპუსს, გააკეთონ კომენტარი და დაგმონ ეს ლიბერალური ფაშიზმი. კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვ თავშეკავებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.