ლევან მაჭავარიანი - მოლოდინი მაქვს, რომ „მეგობარი აქტი“ კანონად ვერ იქცევა, ეს მტრული აქტია, რასაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია ზეიმობს
ლევან მაჭავარიანი - მოლოდინი მაქვს, რომ „მეგობარი აქტი“ კანონად ვერ იქცევა, ეს მტრული აქტია, რასაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია ზეიმობს

„მეგობარი აქტის“ ინიციატორი უილსონია, რომელიც გაშიფრულია, როგორც ლობისტი. მისი განცხადებები პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანმა „მეგობარი აქტი“ მტრულ აქტად შეაფასა.

„მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია ამ აქტს ზეიმობს და მათი ზეიმი ერთი-ორი დღე გრძელდება ხოლმე. ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური შოუა, რადგან მტრული აქტია და არა – მეგობრული. მოლოდინი მაქვს, ეს აქტი კანონად ვერ იქცევა, თუმცა, რომ იქცეს, იქ რაც ჩაწერილია, ამ ყველაფრის ამოქმედება დონალდ ტრამპს დღესვე შეუძლია, ასევე შეეძლო ერთი თვის წინ. ანუ, არაფერ კავშირშია ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ – არა, კავშირში არ არის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან. ეს არის გადმოგდებული „სატოპკე“ ოპოზიციისთვის, რათა ოპოზიციის მხარდამჭერებს სტიმული მისცენ. დონალდ ტრამპს ამ ყველაფრის გაკეთება რომ უნდოდეს, ისედაც სრული ლეგიტიმაცია აქვს, გააკეთოს. ამ კანონპროექტის კანონად ქცევას თუ დავუშვებთ, ეს ერთგვარი ტესტია იმ მდგომარეობის, რამდენად არის შესუსტებული „გლობალური ომის“ პარტიის არაფორმალური მმართველობის გავლენები ამერიკაში.  დონალდ ტრამპმა არაფორმალურ მმართველობას ღია ბრძოლა გამოუცხადა, თუმცა ეს ბრძოლა ისეთი ტემპით ვერ მიიწევს. ბევრი რაღაც გააკეთა და ბიუროკრატიული წმენდა დაიწყო, მაგრამ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. კანონპროექტი კანონად თუ იქცევა, ეს იქნება დასტური, რომ ამერიკაში იმ დროისთვის არაფორმალური მმართველობის გავლენები შემცირებული ვერ იქნება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.