ლევან მაჭავარიანი - მისასალმებელია ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, რა რეიტინგით სარგებლობენ
სასიამოვნო და ძალიან მისასალმებელია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, თუ ისინი შეთავაზებას დათანხმდებიან, ექნებათ საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, რა რეიტინგით სარგებლობენ.
„ეს დაკავებული ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციულად არღვევენ კანონს და თავიანთი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თანახმა არიან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ისინი მიმართავენ პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი მათ შეიწყალებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დააკავა ისინი იქიდან გამომდინარე, რომ მათ რაღაც მაღალი რეიტინგი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მათ კანონი დაარღვიეს, თავიანთი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაინც გაუთავებელი საუბრები მიმდინარეობს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ეს აბსურდია. შესაბამისად, ეს ინიციატივაც ემსახურება იმას, რომ ყველანაირი სპეკულაცია მოიხსნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ბურთი ახლა არის ოპოზიციის მოედანზე, თუ ისინი ამ შეთავაზებას დათანხმდებიან, ექნებათ საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. ხოლო თუ არ დათანხმდებიან, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს, შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ეშინიათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, წინასწარ იციან, რა შედეგსაც მიიღებენ. შემდეგ ამ შედეგის „გაპრავება“ უნდათ იმით, რომ, აი, ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიყავით და სრულფასოვნად საარჩევნო კამპანია ვერ ჩავატარეთ და მივიღეთ დაბალი შედეგი. ნებისმიერ ვარიანტში, ჩვენ უნდა დაველოდოთ პასუხს. ძალიან კარგი იქნება, თუ სრულფასოვნად ჩაერთვებიან ამ არჩევნებში, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს მათი რეიტინგის ლუსტრირება. 2024 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრეტენზია რომ აქვთ, თითქოს ვიღაცამ რაღაც გაუყალბათ და ფიზიკურად ერთი მტკიცებულება ვერ ნახა ვერცერთმა პარტიამ, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შეთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, რა რეიტინგით სარგებლობენ დღეს საქართველოში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.