ლევან მაჭავარიანი – მეტი დეტალი თუ არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე წერილი, რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე
არანაირ კავშირში არ არის, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, სულ რაღაც ხდება და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება დაუკავშირო პოლიტიკოსის პოლიტიკიდან წასვლას, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ დაემთხვა დროში მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმეთვიანი პატიმრობის და მანამდე, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ დაარღვია დუმილი და ვნახეთ მისი რამდენიმე წერილი ციხიდან, სადაც პირველად, მან სწორედ მამუკა მდინარაძე ახსენა, შემდეგ კი იყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკა, მაგრამ ძირითად სამიზნედ იქცა სწორედ მამუკა მდინარაძე, რადგან ის საუბრობს, რომ კონკრეტული წერილი, სადაც მას სთხოვდნენ კორუფციული ბრალდების აღიარებას, გაუგზავნა მამუკა მდინარაძემ, რომ ხელისუფლებამ მას დაუგო მახე, მოუწყო პროვოკაცია და ა.შ.
„ბატონ ღარიბაშვილზე ძალიან ბევრჯერ მომიწია კომენტარის გაკეთება და არ მინდა, ვინმეს შთაბეჭდილება დავუტოვო, რომ რაღაც პირადი მამოძრავებს ირაკლი ღარიბაშვილთან. ერთი წამითაც არ მინდა, ვინმემ ასეთი რამ იფიქროს. არ ვიცოდი, თუ თქვენთანაც ამ თემის გაშლა მოგვიწევდა. ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი, რომელზეც იგი ამბობდა, რომ მამუკა მდინარაძის გაგზავნილი იყო, თუ ის წერილი რეალურად ვიღაცამ დაწერა, მინიმუმ, პირველ პირში იმ ფორმით იყო დაწერილი, რომ მისი ძალიან ახლობელი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ანუ, აქ ფაქტობრივად, აბსურდთან გვაქვს საქმე, ვერ იქნებოდა ეს მამუკა მდინარაძის დაწერილი. რაც შეეხება მეორე წერილს, სადაც იგი ამბობს, რომ არაფერი არ ჩაუდენია და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აღიარა დანაშაული, რომელიც თურმე არ არსებობდა, აქაც აბსურდთან გვაქვს საქმე, ხომ? ვიხილეთ მისი ბინიდან ამოღებული ეს თანხები და დანარჩენი, რაც ვიხილეთ. ანუ, წარმოვიდგინოთ, რომ გუნდი ეუბნება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ახლა ჩვენ გვჭირდება, რაღაც ბრალი გამოვიგონოთ, შენ თავზე აიღო ეს ბრალი, ხელი მოაწერო და ხუთი წლით წახვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რეალური შეიძლება იყოს რომელიმე განზომილებაში ის, ახლა რაზეც ვსაუბრობ?“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, იყო მესამე, მეოთხე და მეხუთე წერილიც და საზოგადოებას გაუჩინეს მოლოდინი მეტი დეტალის შესახებ.
„თუ რაღაც მეტი დეტალი არის, როგორც იგი საუბრობს და საზოგადოება რომ რაღაც მოლოდინში იყო და, პირველ რიგში, აგენტურული ოპოზიცია რომ არის დამწკრივებული, მესამე წერილი იყო, მეოთხე წერილი იყო, მეხუთე წერილი და რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე, ადამიანის სიკვდილით სპეკულაციასთან გვაქვს საქმე და მერე დავით გარეჯის საკითხი იყო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის კოორდინაციით მოხდა თავიდან ბოლომდე იმ რუკების საქართველოში დაბრუნება. იგი უძღვებოდა მთლიანად ამ პროცესს. რა იხილეთ მესამე, მეოთხე ან მეხუთე წერილში? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ ვიცი, გამოვიდეს კიდევ მეექვსე წერილი და რას წაიკითხავთ და რას ამოიკითხავთ, ვნახოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე ხორციელდებოდეს ზეწოლა, რომელზეც ის საუბრობს, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად გამორიცხავს.
„აბსოლუტურად გამორიცხავ. ამ შემთხვევაში ძალიან საეჭვოდ, იცით, რა ემთხვევა? საეჭვოდ ემთხვევა ის, რომ ბრალის წარდგენამდე ორი დღით ადრე აქვეყნებს იგი ამ წერილს და თანამშრომლობდა ბატონი ბურჭულაძე, ხომ? ვიცით მათი ურთიერთობა, და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი. ანუ, ვერ გაჟონავდა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე თანამშრომლობდა და ახალ ბრალს წარუდგენდნენ ბატონ ღარიბაშვილს? მე ლოგიკურად მხოლოდ ამ ჯაჭვს ვაწყობ. საზოგადოებამ განსაჯოს, ჩემი ლოგიკა კი მხოლოდ ამას მკარნახობს, რომ მან იცოდა, კი ბატონო, ინფორმაცია თავისთავად გაჟონავდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრია, მისი მეგობარი, ასევე ყოფილი მინისტრი აპირებდა მის წინააღმდეგ თანამშრომლობას, ჩვენების მიცემას, უკვე ეს პროცესი დაწყებული იყო და მან თავისი გადმოსახედიდან სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა, პოლიტიზება სცადა საკითხის. ლოგიკა ამას გვკარნახობს და ხუთივე წერილი ამას გვკარნახობს. მე სხვა იმ წერილში ვერაფერი ამოვიკითხე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.