ლევან მაჭავარიანი - კორუფციასთან გამოცხადებული გვაქვს დაუნდობელი ბრძოლა და ეს გაგრძელდება, ვიდრე პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრება
ლევან მაჭავარიანი - კორუფციასთან გამოცხადებული გვაქვს დაუნდობელი ბრძოლა და ეს გაგრძელდება, ვიდრე პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრება

ადამიანმა თუ აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც არასდროს ყოფილა, არც არის და არც იქნება, ის არის კორუმპირებული, დამნაშავე და, შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის უმკაცრესი ფორმით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკომპრომისოა.

„ყველასთვის ცნობილია ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით, ხაზს გავუსვამდი და გამოვყოფდი კიდევ ორ მიმართულებას – ნარკორეალიზატორებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ნარკორეალიზატორებზე, იცით, რომ გავამკაცრეთ კანონი, ხშირ შემთხვევაში მათ უვადო პატიმრობა მოუწევთ; ასევე, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა კორუფციასთან ბრძოლა. ირაკლი კობახიძემ, როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა, დააანონსა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, საქართველო უახლოეს წლებში ტოპ სამ ქვეყანაში შედიოდეს კორუფციის სიმცირის კუთხით. დღესდღეობით ჩვენ ვიკავებთ საკმაოდ კარგ პოზიციებს და ვასწრებთ ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, თუმცა ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ ტოპ სამ ქვეყანაში უნდა მოვხვდეთ. კორუფციასთან გამოცხადებული გვაქვს დაუნდობელი ბრძოლა და ეს ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე აღმოიფხვრება ეს პრობლემა ბოლომდე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებდა, რამდენი ხანი იყო იგი გუნდის წევრი და ა.შ. აბსოლუტურად არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც არასდროს ყოფილა, არც არის და არც იქნება. ის არის კორუმპირებული, დამნაშავე და, შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის უმკაცრესი ფორმით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დააკავა. 

როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.