ლევან მაჭავარიანი - ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ევრობიუროკრატები თავიანთი საქციელებით მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებენ, იმედია, საკუთარ რიტორიკას და პოლიტიკას გადახედავენ
ევროკავშირი და მისი წარმომადგენლობა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქვეყანაში ნიჰილიზმს ნერგავენ. ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ევრობიუროკრატები თავიანთი საქციელით მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ევრობარომეტრის“ კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა წლიურად 17 პროცენტით, 2024 წლის შემოდგომასთან შედარებით კი, 9%-ით შემცირდა.
ლევან მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ამ კვლევის გამო მაინც ევროკავშირში საკუთარ რიტორიკას და პოლიტიკას გადახედავენ.
„სამწუხარო კვლევაა, რის გამოც მოქალაქეებს ყოველთვის განვუმარტავთ, რომ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია სხვადასხვაა. ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ არის, მაგრამ ევრობიუროკრატები ხელოვნურად ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართველებს ნდობა დააკარგვინონ ევროკავშირის მიმართ. ამ ყველაფერს ის პროცესები იწვევს, რასაც ვხედავთ. მოქალაქეებმა ნახეს, რომ იქ დასმენაზე ჩასულები იყვნენ ყორშია, ბუღაძე, ლომჯარია-გიგაური და ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ. ევრობიუროკრატები საქართველოში დელეგაციებს აგზავნიან და ხალხს სცენიდან „მაიდანიზაციისკენ“ მოუწოდებენ. ისეთ რეზოლუციას იღებენ, სადაც თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გავათავისუფლოთ. ასევე ანტისამთავრობო აქციებზე საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან და ორმაგი სტანდარტებით გვესაუბრებიან. თურმე რაც საქართველოში არ შეიძლება იყოს დაშვებული, მათ ქვეყანაში მისაღებია. ევროკავშირი და მისი წარმომადგენლობა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქვეყანაში ნიჰილიზმს ნერგავენ. ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ევრობიუროკრატები თავიანთი საქციელით მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებენ, რაც სამწუხაროა. იმედია, თავიანთ რიტორიკას და პოლიტიკას ამ კვლევის გამო მაინც გადახედავენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.