ლევან მაჭავარიანი - ევრობიუროკრატები აკვირდებიან საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი რადიკალების მოქმედებას და ხედავენ, რომ აბსოლუტურად გამარგინალებულები არიან, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ
კარგად გვახსოვს, რადიკალური ოპოზიცია ხელს როგორ გვიშლიდა, როცა ასოცირების ხელშეკრულება ფორმდებოდა და ვიზალიბერალიზაციას ვიღებდით. გვახსოვს, როგორ დადიოდნენ ევროპის დედაქალაქების კაბინეტებში, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელი შეეშალათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
მაჭავარიანის თქმით, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.
„თუ ოპოზიცია ევრობიუროკრატებს დაარწმუნებს, რომ ისინი ამით რევოლუციას მოახდენენ და 90-იან წლებში დავბრუნდებით, მაშინ ლოგიკურია, რომ შეაჩერონ. თუ ევრობიუროკრატები ამაში ვერ დარწმუნდებიან, უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებენ და ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. ევრობიუროკრატები აკვირდებიან საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი რადიკალების მოქმედებას და ხედავენ, რომ აბსოლუტურად გამარგინალებულები არიან, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავიანთ აგენტურას დაუჯერონ. შესაბამისად, ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.