ლევან მაჭავარიანი - ეუთო/ოდირი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, ვხედავთ მისი გაშავების კამპანიას, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე უცხოელი ბოსების დავალებით დაიწყო
ეუთო/ოდირი ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომლის გაშავების კამპანიას ვუყურებთ და რომელიც ჯერ კიდევ რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი უცხოელი ბოსების დავალებით დაიწყეს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„გვარამიასა და გახარიას განცხადებებს შეგახსენებთ. გაშავების ეს კამპანია ახლაც გრძელდება უკვე ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებისგან და რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: ამ ხალხს – შიდა და გარე აქტორებს აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია ე.წ. გლობალური ომის პარტიისგან, „დიფ სთეითისგან“, ვისზეც უკვე ძალიან აქტიურად საუბრობს დონალდ ტრამპი. მათი მიზანია, საქართველოში რამენაირად რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლებაში რადიკალური ძალები, აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიცია დააბრუნონ.
ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს შეგახსენებთ, სადაც მათ მხოლოდ ერთადერთი პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინეს. ეს იყო პოლარიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს და, რა თქმა უნდა, ამას აღვივებს და ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია თავიანთი რადიკალური „ენჯეოების“ და თავიანთი პრეზიდენტის მეშვეობით. მეტი პრობლემის იდენტიფიცირება შუალედურ ანგარიშში არ მომხდარა. არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ამ არჩევნების პერიოდში აბსოლუტურად ყველა სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, რათა წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ.
„მათ ხაზი გაუსვეს ცესკო-ს პროფესიონალიზმს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ჰყავს ახლად არჩეული ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას. იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ რამდენიმე ხნის წინ იყო დახურული შეხვედრა ევროკავშირის ელჩებისა და ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებს შორის საქართველოს თემასთან დაკავშირებით, რომელზეც, სამწუხაროდ, საჯარო კომენტარები დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არ მოგვისმენია იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებმა იმ შეხვედრაზე ზუსტად ის თქვეს, რაზეც ისაუბრეს მათ საქართველოში, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. ამის შემდეგ უკვე საჯაროდ მოვისმინეთ განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, რომელმაც ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს. ეს კიდევ მეტ კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში და, სამწუხაროდ, ამით ევროკავშირი და მისი სტრუქტურები კიდევ უფრო აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას მოსახლეობის თვალში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.