ლევან მაჭავარიანი - დღეს იყო „მეგობარი აქტის“ უბრალოდ საკომიტეტო მიღება, ამას მოჰყვება პლენარული, კონგრესში მოსმენა, ვიდრე დონალდ ტრამპის ხელმოწერამდე მივა საქმე, უნდა გავიდეს დაახლოებით სამი-ოთხი თვე
ლევან მაჭავარიანი - დღეს იყო „მეგობარი აქტის“ უბრალოდ საკომიტეტო მიღება, ამას მოჰყვება პლენარული, კონგრესში მოსმენა, ვიდრე დონალდ ტრამპის ხელმოწერამდე მივა საქმე, უნდა გავიდეს დაახლოებით სამი-ოთხი თვე

დღეს რაც მიიღეს, იყო უბრალოდ საკომიტეტო მიღება, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს პლენარული მოსმენა, კონგრესში მოსმენა და ვიდრე ბატონი ტრამპის ხელმოწერამდე მივა საქმე, მანამდე უნდა გავიდეს დაახლოებით 3-4 თვე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მაჭავარიანი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას გამოეხმაურა.

„ბოლო გაფართხალება აქვს ოპოზიციას გამოცხადებული 31 მარტს, „მეგობარი აქტით“ ცდილობენ, იქნებ ხალხი რამენაირად ქუჩაში გამოიყვანონ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს რაც მიიღეს, იყო უბრალოდ საკომიტეტო მიღება, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს პლენარული მოსმენა, კონგრესში მოსმენა და ვიდრე ბატონი ტრამპის ხელმოწერამდე მივა საქმე, მანამდე უნდა გავიდეს დაახლოებით 3-4 თვე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა. ოპოზიცია დარჩენილია ბატონი უილსონის, როთის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების იმედად. ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობების გადატვირთვის რეალური საფუძველი არსებობს.

ჩვენ ვართ ძალიან თავშეკავებულები. ყველაფერი დაუბრალებიათ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ რადიკალებს და მის ტელევიზიებს არასდროს დაუბრალებიათ, რომ სიმჩატით გამოვირჩევით. ყოველთვის ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად ვსაუბრობთ. იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა ქალბატონ აშშ-ის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის. ეს იყო დახურული შეხვედრა და უფლება არ გვაქვს, გარეთ გამოვიტანოთ რაღაც საკითხები. უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში. ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება რეალური პარტნიორობის, არა ისეთის, როგორიც იყო; ისეთის, როგორიც ჩინეთთან გვაქვს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.