ლევან მაჭავარიანი - დღეს გამოიტანეს განაჩენი 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ფუთავს, როგორც „პიჯაკების საქმეს“, არ მგონია, რომ პიჯაკები ცხრა მილიონი ლარი ჯდებოდეს
ბატონი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია, ის იმ რეჟიმის შემქმნელია, სადაც ყოველდღიურობა იყო სისტემური წამება, გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის სისტემური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ა.შ. სააკაშვილი მსჯავრდებულია გელაშვილის ცემის ფაქტზე; ასევე, სანდრო გირგვლიანის ტრაგედია, რაც მის ოჯახს დაუტრიალეს, სადაც სტრასბურგის სასამართლომ ეს დანაშაული ცნო, როგორც სისტემური დანაშაული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, სააკაშვილი ასევე ბრალდებულია 7 ნოემბრის, „იმედის“ დარბევის საქმეზე, საზღვრის უკანონო კვეთაზე.
„დღეს გამოიტანეს განაჩენი ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, რომელიც მტკიცებულებების სახით დეტალურად არის წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ფუთავს, როგორც „პიჯაკების საქმეს“. მე არ მგონია, რომ პიჯაკები ცხრა მილიონი ლარი ჯდებოდეს. იქ არის ძალიან დეტალური ჩაშლა, თუ რაში იყენებდა ის ბიუჯეტის თანხებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე. ოპოზიციისთვის ბატონი სააკაშვილი არის ე.წ. ბელადი, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ ყველანაირად დაიცვან. სტრასბურგის სასამართლომ ბატონი სააკაშვილის ყველა საქმეზე დაადასტურა ის განაჩენი, რაც ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებას გამოტანილი მის წინააღმდეგ. შეუძლიათ ეს საქმეც გაასაჩივრონ, რა თქმა უნდა, იგივე შედეგი დადგება. რა საქმეებიც ჩამოვთვალე, ყველაფერში მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე. არ გამოვრიცხავ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რაზეც პარლამენტი მუშაობს, კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს სააკაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.