ლევან მაჭავარიანი – ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ ევროპარლამენტის, რომელიც მოწინავე პოზიციაზე მყოფ საქართველოს აკრიტიკებს, სასაცილოა, როცა ასეთი განცხადებები ეყრდნობა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს

17:01, 02.07.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს საქართველოს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეყრდნობა.

ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და თურქეთის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერია: „ევროპარლამენტს საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი ჰქონდა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე“.

ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი აქვს შესრულებული, რეიტინგებში მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა ევროპარლამენტი აღნიშნულს არ ითვალისწინებს.

„აქ სიახლე არაფერია. უსამართლო დამოკიდებულებას მიჩვეული ვართ. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის ეს სერიოზულობას აღარ წარმოადგენს, ყველასთვის სასაცილოა, როდესაც ყველა რეიტინგით მოწინავე ქვეყანა ვართ და ამას არ ითვალისწინებენ. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული და ამას არ ითვალისწინებენ, მხოლოდ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ ვურჩევდი, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვის პრობლემებზე ისაუბრონ. გაფართოების ერთ-ერთ ბოლო ანგრიშს, რომელიც თითო ქვეყანაზე ექვსი მუხლისგან შედგებოდა, რატომღაც უკრაინასა და მოლდოვაზე აკლდა ორი მუხლი – ადამიანის უფლებებთან და კორუფციასთან დაკავშირებული. აქ ყველაფერი ნათელია. არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს და, ფაქტობრივად, მხოლოდ ის ტელეარხებია დარჩენილი, რომლებიც მმართველი პარტიების პროპაგანდას ეწევიან. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა – ყველაზე უფრო ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციების კვლევებიც კი ამაზე მეტყველებს – რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ. ეს ყველაფერი სასაცილოა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი განცხადებები ქალბატონი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს ეყრდნობა. საქართველოში ყველამ იცის, რომ ქალბატონი რასა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და საბჭოური მენტალიტეტის ქალბატონია, რომელმაც ჩვენს მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს ინფექცია უწოდა. ის არის უზრდელი, თავხედი ქალბატონი და მის ანგარიშზე დაყრდნობილ ასეთ განცხადებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო.

მსგავსი