ლევან მაჭავარიანი – ბრიუსელი რაც უფრო მალე გაუსწორებს თვალს იმ რეალობას, ხელისუფლება თავისი აგენტურით რომ ვერ ჩაანაცვლეს რევოლუციის და ვერც არჩევნების გზით, ეს დააჩქარებს შემდეგ ურთიერთობების აღდგენას
მათი მხრიდან არის მანიპულაციური განცხადებები, ვინაიდან სარჩელში აბსოლუტურად ყველაფერი არის დეტალურად ჩამოთვლილი, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას – რატომ არ მოხდა სასარჩელო მოთხოვნაში ქმედებების და ბრალდებების გამიჯვნა, რადგან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც აქვს მოპასუხე მხარეს, ხუთივე პოლიტიკურ პარტიას, არის ბრალდებების და პრეტენზების ერთმანეთისგან გამიჯვნა, თუ რომელი ბრალდება და პრეტენზია რომელ პოლიტიკურ ძალას მიემართება და დღეს, ერთ-ერთმა მოსამართლემაც პირდაპირ იკითხა, უნდა შეერაცხოთ თუ არა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები იმ პარტიებს, რომლებიც შეიქმნა მოგვიანებით, იგივე “ლელო„ და გახარიას პარტია.
„არის იქ ჩვენი მხრიდან პრეტენზიები და ბრალდებები ამ შემთხვევაში, რომელიც ესადაგებათ ინდივიდუალურად და არის იქ ბრალდებები, რომელიც ესადაგებათ კოლექტიურად, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ისინი თანამოზიარეები არიან მაინც ყველა ამ ბრალდების, იქიდან გამომდინარე, რომ კოლექტიურ ძალას წარმოადგენენ და ეს არის მეორე მხრივ, რასაც ჩვენ დავამტკიცებთ ამ სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას, სხვადასხვა დროს, გაჟღერებული აქვს ხუთი სხვადასხვა ვერსია, თუ რატომ გადადგა იგი პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან და საბოლოო ჯამში, მას საგამოძიებო კომისიაზე წამოცდა რეალური ვერსია, რომ თურმე, კონსულტაციები გაუვლია ელჩებთან.
„იქ ამერიკის ელჩთან იყო საუბარი. ეს გამოამჟღავნა მან საგამოძიებო კომისიაზე, როდესაც შეკითხვები აქედან-იქიდან დაუსვეს. სავარაუდოდ, წამოსცდა. კი ბატონო, ეს ნამდვილად სარწმუნო არგუმენტია მისი მხრიდან, მას დაავალეს გადადგომა და ეს ისახავდა მიზნად პროგრამა მინიმუმს და პროგრამა მაქსიმუმს. პროგრამა მაქსიმუმი იყო, რომ ხელისუფლების ჩამოშლა გამოეწვია მისი ამ გადაწყვეტილებით. უფლების პროგრამა მინიმუმი იყო, ჩვენ რომ დაგვიწესეს მისი გადადგომიდან სულ რამდენიმე ხანში, 43%-იანი ბარიერი და ბატონი შარლ მიშელი, თუ არ ვცდები, ბატონი გახარიას გადადგომიდან სადღაც, 10 დღეში ჩამოვიდა ჩვენთან. პროგრამა მინიმუმი იყო, თუ ხელისუფლება ვერ ჩამოიშლებოდა, გახარია უნდა შემოებრუნებინათ პოლიტიკაში და მას ხელი უნდა შეეშალა 43%-ის გადალახვაში „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენი ხმები უნდა წაეღო და მისი არასაჯარო სამარცხვინო მესიჯი იყო, თითქოს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
„მანამდე ბოიკოტი, მერე კი ბატონო, მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ არალეგიტიმური იყო, გაყალბებული იყო, ახლა პროცესები გადავიტანოთ ქუჩაში, მუდმივი რყევა, და მუდმივი დაძაბვა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, დამკვეთებმა „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალ ძალად დატოვეს, „ასე ვთქვათ, რადიკალი ამომრჩევლები დაუტოვეს „ნაცებს“, იქ მერე ხელოვნურად შექმნეს ევროპელი „ნაცების“ პარტია, „ახალიც“ მაგიტომ დაამატეს, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო ის ყველაზე რადიკალი ამომრჩეველი, ნახევრად რადიკალი ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული იყო პარტია „ლელო“, ხოლო შედარებით კონსტრუქციული ამომრჩევლისთვის ვითომ კონსტრუქციული გახარია ასე უნდა პოზიციონირებულიყო“.
„განცხადებებსაც დააკვირდით, ვითომ კონსტრუქციული გახარია თითქოს, ემიჯნებოდა რადიკალურ პროცესებს; ნახევრად რადიკალი „ლელოს“ ნახევრად რადიკალური განცხადებები გაიხსენეთ, დილას წავიდეთ არჩევნებზე, მაგრამ საღამოს მივიდეთ დამხობის აქციაზეო. რასაც მე ვსაუბრობ, აბსოლუტურად ყველაფერი არის იმდენად ლოგიკური, რომ ვფიქრობ, ამაში ძალიან რთული არის ეჭვის შეტანა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, სუბიექტურად რომ ითქვას, „ოცნებისთვის“ ამაზე კომფორტული ოპოზიცია არ არსებობს, „იქიდან გამომდინარე, რომ ისინი გაშიფრული აგენტები არიან“.
„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ისინი გარე დავალებებს რომ ემორჩილებიან, მათთვის პრიორიტეტული არის უცხოელების ინტერესების დაკმაყოფილება, საქართველოს ეროვნული ინტერესები არ არის არც მეორე პლანზე, არც მესამეზე და არც სადღაც ძალიან შორს, მაგრამ ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი და ვალდებულია, გარდა ამ პოლიტიკური შეფასებისა, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს ამ ყველაფერს. მეორე მხრივ კი, ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ოპოზიციური ველი აგენტურული პარტიებისგან გათავისუფლდეს, რადგან, როდესაც ოპოზიციური ველი გამოთავისუფლება აგენტურული პარტიებისგან, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი მოტივაცია ექნებათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თუნდაც, ახალგაზრდებს, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და ხელისუფლებას ჯანსაღი ოპონირება გაუწიონ“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ბრიუსელი რაც უფრო მალე გაუსწორებს თვალს იმ რეალობას, ხელისუფლება თავისი აგენტურით რომ ვერ ჩაანაცვლეს რევოლუციის და ვერც არჩევნების გზით, ეს, რა თქმა უნდა, დააჩქარებს შემდეგ ურთიერთობების აღდგენას.
„მათ ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა აღიარონ, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და ჩვენ ნამდვილად ვართ შუა კორიდორის მონაწილე ქვეყანა. უნდა გამოვიდნენ ამ რეჟიმიდან, თუმცა თავისივე ნარატივების ტყვეობაში არიან, იმდენი სიბინძურე იკადრეს ჩვენი მისამართით, იმდენი ბრალდებები და ისეთი ნარატივი შექმნეს ამ ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, რომ ამ ნარატივის ტყვეობაში არიან ჩარჩენილი, თუმცა ჩვენ ვთავაზობთ, რომ სახეს შევანარჩუნებინებთ, არ ჩავყვებით არაფერს მათი არამეგობრული საქციელებიდან და პირდაპირ შეგვიძლია, ახალი ნიშნულიდან დავიწყოთ ურთიერთობა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.