ლევან მაჭავარიანი - „ატლანტიკურმა საბჭომ“ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში
„ატლანტიკური საბჭო“ არის ძალიან ავტორიტეტული დასავლური კვლევითი ორგანიზაცია, მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 12-წლიანი უწყვეტი პროგრესით საქართველო დემოკრატიის და თავისუფლების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ლევან მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
მაჭავარიანის თქმით, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ასწრებს.
„ჩვენი მოქალაქეებიც აკვირდებიან, რა იყო 12 წლის წინ და რა ხდება 12 წლის თავზე ქვეყანაში, როდესაც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ხედავენ, როგორი მოპყრობაა ციხეებში პატიმრების მიმართ და ა.შ. ყველაფერი არის კარდინალურად, 180 გრადუსით შეცვლილი. დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა ინდექსში, რაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვასწრებთ ყველა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყანას და, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.