ლევან მაჭავარიანი - ახალი წევრების მხრიდან ვალდებულებების აღებას თუ ითხოვენ და საკითხზე მსჯელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს არ არის ის ევროკავშირი, რაზეც ვსაუბრობდით
ლევან მაჭავარიანი - ახალი წევრების მხრიდან ვალდებულებების აღებას თუ ითხოვენ და საკითხზე მსჯელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს არ არის ის ევროკავშირი, რაზეც ვსაუბრობდით

ახალ წევრ ქვეყნებს ხმის უფლება თუ არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს ის ევროკავშირი არ არის, რაზეც ვსაუბრობდით და რა ევროკავშირიც ცნობილი იყო თავისი სამართლიანი დამოკიდებულებით წევრი სახელმწიფოების მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მარტა კოსმა აბსურდული კომენტარი გააკეთა და საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

„სერიოზული მსჯელობა თუ მიდის საკითხზე, რომ ახალ წევრ ქვეყნებს ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს ის ევროკავშირი არ არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რა ევროკავშირიც ცნობილი იყო თავისი სამართლიანი დამოკიდებულებით წევრი სახელმწიფოების მიმართ. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ახალი წევრების მხრიდან ვალდებულებების აღებას ითხოვენ და მათ რაიმე საკითხზე მსჯელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში რა თანასწორობაზე საუბარი? ეს პირდაპირ ჩაგვრაა ახალი წევრების. იმედია, ეს არის მარტა კოსის მიერ გაკეთებული დაუფიქრებელი განცხადება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.