ლევან მაჭავარიანი – აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და აქტივისტები მზად არიან, ფსიქოლოგიურად გაანადგურონ ნებისმიერ ადამიანი, რომელიც უარს იტყვის, მათი შეთხზული ზღაპრები დაიჯეროს

11:41, 21.08.2026

აგენტურასა და მათ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რადგან ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ მოქალაქეებს აქციებში მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ ცდილობენ, ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინონ იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ „შეთხზულ ზღაპრებს“ არ იჯერებენ.

„როგორც რამდენიმე დღის წინ აღვნიშნე, აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, ფაშისტური მეთოდებით ფსიქოლოგიურად გაანადგურონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უარს იტყვის, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათი შეთხზული ზღაპრები დაიჯეროს.

ბოლო პოსტში საზოგადოებას დეტალურად გავახსენე ამ აქტორების „აფერისტული“ კამპანია – „რუსული კანონი“. ამ თაღლითობის გამო, აგენტურასა და მათ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

სხვა უამრავ მავნებლობას შორის, მათ ასევე ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ისტერიის გამო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ ბატონმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ ჩვენ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ მოხალისეები ჩარტერული რეისით უკრაინაში და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას.

აგენტურამ ამ შემთხვევაშიც აღვირახსნილი კამპანია წამოიწყო. მათ დააორგანიზეს აქციები და „რუსული კანონის“ კამპანიის მსგავსად, ამცირებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და რუსულ იარლიყს აწებებდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აქციაში მონაწილეობა არ სურდა. ამ შემთხვევაშიც, მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქციაზე მხოლოდ სელფის გადასაღებად მიდიოდნენ და შემდეგ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან ირიდებდნენ ფაშისტურ თავდასხმებს აგენტურული პარტიების აქტივისტებისგან.

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ავტომატურად გულისხმობდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, შესაბამისად, ავირიდეთ ომი. ამ მოთხოვნების შესრულებაზე გაცხადებული უარის გამო აგენტურამ დააორგანიზა აქციები. დიახ, მათ აქციები დააორგანიზეს ომის არიდების გამო! ამასთანავე, ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ სურდათ ამ აქციებში მონაწილეობა, შესაბამისად, ვისაც არ სურდათ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან!

ამ შემთხვევაშიც აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქციებით ხელისუფლებას აიძულებდნენ, დათანხმებოდა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას და ჩართულიყო ომში, ხოლო, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ამ აქციებში მონაწილეობას.

ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, რათა ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები“, – წერს მაჭავარიანი.

მსგავსი