ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანაში მესამე ძალის შექმნას ალტერნატიული დღის წესრიგი, იდეები, ღირებულებები და რაღაც სოციალური ბაზისი სჭირდება
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანაში მესამე ძალის შექმნას ალტერნატიული დღის წესრიგი, იდეები, ღირებულებები და რაღაც სოციალური ბაზისი სჭირდება

ვიდრე რამე მოძრაობას და იდეას სოციალური ბაზა არ შეექმნება, მანამდე მესამე ძალაზე საუბარი ყოველთვის კახა კუკავას, ნინო ბურჯანაძის და მსგავსი, საპატივსაცემო, მაგრამ სხვა კალიბრის პოლიტიკოსების საქმე იქნება, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„დღეს ბევრს საუბრობენ მესამე ძალაზე, მაგრამ ის რომ შეიქმნას, ამას ალტერნატიული დღის წესრიგი, იდეები, ღირებულებები და რაღაც სოციალური ბაზისი სჭირდება”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, დღეს, ჩვენ ქვეყანაში, სოციალური ჯგუფები სათანადოდ არ არის გამოყოფილი, ალტერნატიული ძალა კი, ამ სოციალურ ჯგუფებს შორის კავშირებს უნდა დაეფუძნოს.

„აი, მაგალითად, სტუდენტებმა მუშებთან დაამყარეს კავშირი. ეს კავშირი მუდმივგანმეორებადი და ინტენსიურია. მუშებმა და სტუდენტებმა ერთად მოძებნეს გარემოს დამცველები და მათ შორის კავშირებიც მუდმივგანმეორებადი და ინტენსიურია“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, დღის წესრიგი არსებობს, რადგან ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანას სჭირდება არა ტურიზმზე, არამედ ინდუსტრიაზე დაფუძნებული ეკონომიკა.