ლევან ლორთქიფანიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიის წარმომადგენელია, რომლის მიხედვით მთავარია, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში გააკრიტიკო
ლევან ლორთქიფანიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიის წარმომადგენელია, რომლის მიხედვით მთავარია, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში გააკრიტიკო

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიის წარმომადგენელია, ამ იდეოლოგიის მიხედვით კი მთავარია, სახელმწიფო გააკრიტიკო, ნებისმიერ შემთხვევაში, – ამის შესახებ ლევან ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ამ იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფოს უნდა შეებრძოლო. სახელმწიფო არის ბოროტება, სახლში გივარდება, ყველაფერს გართმევს და შენს თავისუფლებას ზღუდავს. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია ხელისუფლების ნებისმიერ შემთხვევაში გაკრიტიკება უნდა იყოს. შეიძლება, აქეთ იდგნენ ვთქვათ, ულტრამემარჯვენეები, ნაცისტები, ფაშისტები და ბოროტმოქმედები, მაგრამ რადგან ეს სახელმწიფოს გაკრიტიკების იდეა სწორხაზოვნად დგას, მათთან ერთადაც შეგიძლია, წყალი მათ წისქვილზე დაასხა და ეს საქმე გააკეთო. მთავარია, მთავრობის მოწინააღმდეგე იყო, მის წინააღმდეგ იბრძოლო და შენი აზრი გინდა სააკაშვილს დაემთხვეს, გინდა – ჰიტლერს. ამ ყველაფერს, მაინც გაიმეორებენ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამ განცხადებით ლევან ლორთქიფანიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სწორია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, არჩევნების გაყალბების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, არგუმენტები კი, დღემდე ვერ წარმოადგინეს.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, გასაკვირია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებით არგუმენტებს ჟურნალისტებიც არ სთხოვენ.

მისივე თქმით, სხვებთან ერთად, ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს ცესკო-ს დღევანდელ თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურაც თავის დროზე, თავად წარადგინეს.

„ისინი ვიღაცებს წარადგენენ, ვიღაცები საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჰყავთ და შემდეგ, ისინი ყველა იმ წინასწარ დათქმულ პრინციპს ღალატობენ, სისტემის ჩვეულებრივი ნაწილი ხდებიან და ჩვენ კიდევ ველოდებით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურორებს და სხვა თანამდებობის პირებს როდის წარგვიდგენენ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ, საერთაშორისო აქტორების დამოკიდებულება ძალიან მძიმეა.

„წაკითხული მაქვს, 90-იან წლებში, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი რომ საქართველოში პირველად შემოვიდა, აპირებდნენ, წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრის პროგრამა დაეფინანსებინათ. ანუ, ისინი ამ ქვეყანას ასე უყურებენ. არც იციან, აქ რა ხდება, როგორ ხდება და როგორც მესამე სამყაროს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ, დაჩაგრულ ქვეყნებში მოქმედებენ, აქაც, 90-იანი წლების საქართველოშიც, იგივე პროგრამით შემოვიდნენ. ქვეყანაში – სადაც ყოველი მეორე უმაღლეს განათლებამიღებული იყო, ყოველი მესამე პროფესორი და ა.შ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოზე წარმოდგენა დღესაც, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების თვალით აქვს და არა დაკვირვებით.

„ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კი, ღმერთმა გაუმარჯოთ, მე საქმე მათთან არ მაქვს, მე მაქვს პრეტენზია, რომ მათი ალტერნატივები არ არსებობს, მაგრამ მათი წარმომადგენლები ქუჩაში რომ გავუშვათ, ან, ტყიბულში და ჭიათურაში რომ ჩაიყვანოთ, ადამიანს ვერ დაელაპარაკებიან, რადგან მათ ლექსიკონში მაშინვე გამოჩნდება სიტყვა – მოწყვლადობა, აუცილებლად დაიწყებენ საუბარს „სპიჩრაითინგზე“, რეპორტების უკან დაბრუნებაზე და ა.შ. ანუ, ეს არის ძალა, რომელსაც ხალხთან კონტაქტი არ აქვს და მისგან სრულიად მოწყვეტილია, მაგრამ ამ ხალხის შესახებ, შთაბეჭდილებას მთელ მსოფლიოში ქმნიან. ეს ანომალიაა“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.