ლევან კუტალიამ თავის ახალ კლუბში ორი თამაში ჩაატარა. თელ-ავივის „ჰაპოელმა“ ტოტო თასის გათამაშებაში გასვლაზე „აშდოდი“ დაამარცხა, ხოლო შინ იერუსალიმის „ბეითართან“ ფრედ ითამაშა – 0:0.
ორივე შემთხვევაში, ლევან კუტალია სათადარიგოთა შორის იყო და შეცვლაზე ითამაშა. „აშდოდთან“ შეხვედრის 76-ე წუთზე გამოჩნდა და მას შემდეგ „ჰაპოელმა“ ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, ორივე ლევან კუტალიას მონაწილეობით, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა მომენტით ვერ ისარგებლა. განსაკუთრებით რეალური იყო 93-ე წუთზე შექმნილი ეპიზოდი, ლევან კუტალია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
ტოტოს თასი არის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი ისრაელში, ჩემპიონატის და ქვეყნის თასის შემდეგ. ტურნირი ისრაელის ფეხბურთის ასოციაციამ 1982 წელს დააფუძნა. 1984 წელს თასის ახალი ფორმატით, ტურნირი ორ ცალკეულ თასად გაიყო – პირველი და მეორე დივიზიონის გუნდებისთვის. 1986/87 წლების სეზონიდან იგი გახდა ცნობილი, როგორც ტოტო თასი სპონსორი კომპანიის საპატივცემულოდ. ის მხოლოდ 2013/14 წლების სეზონში არ გათამაშებულა, როდესაც სპონსორსა და ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას შორის დავა წარმოიქმნა. თუმცა, საკითხი მოგვარდა და ტურნირი გაგრძელდა.
სამი ტურის შემდეგ თელავივის გუნდი ტოტოს თასის მე-3 ჯგუფში 4 ქულით ლიდერობს, მეორეზე 3 ქულით „აშდოდია“.