ლევან კუტალია - რატომ არ შეიძლება, თუნდაც ამხანაგურ მატჩში გამომიძახონ? #1TVSPORT
ლევან კუტალია - რატომ არ შეიძლება, თუნდაც ამხანაგურ მატჩში გამომიძახონ? #1TVSPORT

ლევან კუტალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა – ერევნის „ალაშკერტის“ ფორვარდმა და საქართველოს ეროვნული ლიგის ყოფილმა ბომბარდირმა, საქართველოს ნაკრებში გამოუძახებლობით უკმაყოფილება გამოხატა.

„მინდა, გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია, ველოდები, რომ ვიღაც სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ, გოლები გამაქვს სხვადასხვა ჩემპიონატში იმის იმედად, რომ ერთ დღეს ვინმე ჩემს შრომასაც დააფასებს, მაგრამ უშედეგოდ.

კვლავ უყურადღებობა, იგნორირება. რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? იმისთვის, რომ ერთხელ მაინც შენი ქვეყნის ნაკრების მაისური ჩაიცვა. საამაყოა, როცა საკუთარი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა: რატომ არ შეიძლება თუნდაც ამხანაგურ მატჩში გამომიძახონ?

ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება, რასაც ჩემ მიმართ აკეთებენ, უსამართლოა. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება და თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ ნაკრებში გამოძახებას.

იცის ჩემი არსებობის შესახებ? ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემ შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა: რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ სანაკრებო სიაში მოხვედრა?! წარმატებები, მინდა, ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში“, – წერს ლევან კუტალია.

34 წლის გამოცდილი თავდამსხმელი სომხეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია. მან „ალაშკერტში“ 11 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.