ლევან კორღალიძე - რაც „ლევადიასთან“ ტალინში გოლი ვერ გავიტანეთ, იმედია, თბილისში მოვახერხებთ #1TVSPORT
„ლევადიასთან“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა და საპასუხო შეხვედრაში გუნდის შანსები შეაფასა.
„საგოლე მომენტებს რომ ვერ გამოიყენებ, არის ალბათობა, რომ გოლი საკუთარ კარში გაუშვა და ტალინში ასეც მოხდა – რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისში ეს ნაკლი გამოსწორდება. ვერ დავეთანხმები „ლევადიის“ მწვრთნელს, რომ პირველ მატჩში უპირატესობა ჰქონდათ, რადგან პირველი სახიფათო მომენტი 73-ე წუთზე შექმნეს, ჩვენ კი ამდენი საგოლე შანსი ეროვნული ლიგის ბევრ თამაშში არ გვქონდა.
წარუმატებლობის შემთხვევში დავრჩები თუ არა გუნდში? ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა გვაქვს. ეს განპირობებულია ჩემპიონობით, მიმდინარე სეზონის შედეგებითა და იმით, რომ სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ჩავარდნები არის, მაგრამ ვითარების გამოსწორების იმედი გვაქვს. კარგია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა გვენდობა და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ იმედები გავამართლოთ.
თუ მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარდება, დავსხდებით და როგორ გუნდისთვის აჯობებს, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
გიზი მამაგეიშვილს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და საპასუხო მატჩშიც ვერ დაგვეხმარება. გიორგი ტაბატაძე კი, საბედნიეროდ, თავს კარგად გრძნობს და იმედია, ითამაშებს“.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ ესტონეთის ჩემპიონ „ლევადიას“ საპასუხო შეხვედრაში 29 ივლისს თბილისში დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.