ლევან კორღალიძე - ფეხბურთს მალე დავუბრუნდები
ლევან კორღალიძე - ფეხბურთს მალე დავუბრუნდები

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გუნდიდან წამოსვლის მიზეზებზე ილაპარაკა.

„ხალხს აინტერესებს, რატომ მოხდა ისე, რომ ერთი საინტერესო გუნდი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა. გუნდი ორი ტურის შემდეგ ლიდერობდა, ძალიან ლამაზ და კომბინაციურ ფეხბურთსაც აჩვენებდა. ამიტომ კითხვის ნიშანია, რატომ აირია გუნდი“ – დაინტერესდა გადაცემის თანაწმყვანი ვოვა გუცაევი.

„მინდა „ლოკომოტივს“ ნდობისა და თანამშრომლობითვის მადლობა ვუთხრა და გიორგი ჭიაბრიშვილს წარმატება ვუსურვო. პანდემიის დროს გუნდში გადაწყვიტეს, რომ სახელფასო ფონდი 70 პროცენტით შეემცირებინათ. მესმოდა, მაგრამ კატეგორიულად ვერ დავეთანხმე. ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე ვიყავით და ფეხბურთელებს უჭირდათ ამ ყველაფერთან შეგუება, რომ ხელფასები მცირდებოდა და პლიუს, მწვრთნელიც მიდიოდა“ – ამბობს ლევან კორღალიძე.

მისი თქმით, კომპრომისის მოძებნა შეუძლებელი იყო: „მე და გუნდის ხელმძღვანელობა მხარეები არასოდეს ვყოფილვართ. სულ ერთ აზრზე ვიდექით და შედეგიც ამან გამოიღო. ჩემი შეთავაზება პანდემიის დროს იყო, რომ 50 % დამეკლო და ფეხბურთელებისთვისაც ამას ვურჩევდი. მაგრამ ამაზე ვერ შევჯერდით. მე კი ცხოვრებისეული და სპორტული პრინციპები მაქვს და ამას ვერ ვუღალატებ“.

ლევან კორღალიძემ ახალ შეთავაზებაზე ილაპარაკა: „ალბათ, ფეხბურთს ძალიან მალე დავუბრუნდები. ფეხბურთელივით, მწვრთნელიც სულ ფორმაში უნდა იყოს – უფეხბურთობა კი ძნელი ყოფილა. უცხოეთიდან შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ საქართველოში ბევრი გასაკეთებელი მაქვს და მინდა ჯერ აქ დავამტკიცო, რაც შემიძლია. მაგრამ არ დავიწყებ მოლაპარაკებას გუნდთან, სადაც მოქმედი მწვრთნელია“.