რაფაელ ნადალი მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება #1TVSPORT
ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად გაავრცელა.
„რეალის“ დირექტორთა საბჭომ 4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ნადალის დანიშვნას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება საბოლოოდ 21 ნოემბერს, კლუბის წევრთა გენერალურ ასამბლეაზე უნდა დამტკიცდეს.
39 წლის ნადალი ბავშვობიდან მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია და კლუბთან წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. ის „სამეფო კლუბის“ საპატიო წევრიცაა.
„მადრიდის „რეალისთვის“ და მისი ყველა გულშემატკივრისთვის უდიდესი პატივია, რომ ასეთი სპორტული და ადამიანური თვისებების მქონე პიროვნება ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება და კლუბის აწმყოსა და მომავალში საკუთარ წვლილს შეიტანს“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
რაფაელ ნადალმა პროფესიული კარიერა 2024 წლის ნოემბერში დაასრულა. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერის განმავლობაში 92 ინდივიდუალური ტიტული მოიპოვა, მათ შორის 22-ჯერ დიდი სლემის ტურნირებზე გაიმარჯვა. ის ასევე არის ოლიმპიური ჩემპიონი და ესპანეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასის ხუთგზის გამარჯვებული.