გიორგი ჯინჯოლავა – „კოპენჰაგენს“, დიდი ხანია, საკუთარ მოედანზე თამაში არ წაუგია, მაგრამ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ #1TVSPORT
გიორგი ჯინჯოლავამ ტრავმა მოირჩინა და კონფერენსლიგის მე-3 ტურში დანიურ „კოპენჰაგენთან“ სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ „იბერიის“ კაპიტანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„კუნთის ტრავმა მქონდა, მაგრამ თამაშისთვის მზად ვარ. ვეცდებით, მატჩი კარგად ჩავატაროთ და დადებითი შედეგით დავასრულოთ. ფსიქოლოგიურად პირველი ტური ყოველთვის რთული სათამაშოა – ეს „სენტ-ტრუიდენთან“ ჩვენი თამაშის ხარისხზეც აისახა. „მიალბისთან“ უკვე შედარებით უკეთესად ვითამაშეთ, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ბოლო წუთზე დასანანი გოლი მივიღეთ.
ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე ფსიქოლოგიურად უკეთ ვართ. წინა ორ მატჩთან შედარებით, „კოპენჰაგენთან“ უფრო რთულ დაპირისპირებას ველით, რადგან ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვა ატმოსფეროს, რომელსაც გულშემატკივრები ტრიბუნაზე ქმნიან.
ვიცით, რომ საკუთარ სტადიონზე „კოპენჰაგენი“ საკმაოდ კარგად თამაშობს და დიდი ხანია, არ წაუგია, მაგრამ შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და შეხვედრა დადებითი შედეგით დავასრულოთ“.
კონფერენსლიგის მე-3 ტურის მატჩი „იბერიასა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ შორის 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.