ლევან კორღალიძე - დარწმუნებული ვარ, ნაკრები წარმატებას მიაღწევს
ლევან კორღალიძე - დარწმუნებული ვარ, ნაკრები წარმატებას მიაღწევს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების მოახლოებულ შეხვედრასა და ჩვენი გუნდის შანსებზე ილაპარაკა.

„როდესაც საქმე შენს ეროვნულ ნაკრებს ეხება, ძნელია ობიექტური იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ იმ წარმატებას, რასაც ძალიან დიდი ხანი ველოდებით. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვედრა ჩვენი ოცნება იყო, ახლა ერთა ლიგის გათამაშებიდან ეს უფრო გაადვილებულია. ნაკრებს წარმატება მინდა ვუსურვო“ – ამბობს ლევან კორღალიძე.

ვლადიმერ გუცაევი, გადაცემის თანაწამყვანი: „მე მგონია, რომ საქართველის ნაკრები ბელარუსზე უკეთაა დაკომპლექტებული. კვარაცხელია სულ თამაშობს რუსეთის პრემიერლიგაში, რომელიც დაბალი დონის ჩემპიონატი არაა. არა მგონია, ვლადიმერ ვაისმა გარისკოს და ის არ დააყენოს. იგივე ოთარ კიტეიშვილი კარგად ათამაშდა, ზუკა დავითაშვილს შედარებით მცირე სათამაშო დრო აქვს, მაგრამ ნიჭიერი ბიჭია. ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი გახდა, ჩაკვეტაძე ნელ-ნელა ფორმაში შედის. ბელარუსის ნაკრებში ასეთი დონის ფეხბურთელებს ვერ ვხედავ. ადრე გლები და კუტუზოვი ჰყავდათ, ახლა რუსეთის გუნდების მეორეხარისხოვანი მოთამაშეებითა და საკუთარი ჩემპიონატში დასაქმებული ფეხბურთელები ჰყავთ“.