ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა
ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქართველ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს ლევან კოღუაშვილს ჯილდო „ოქროს გლობუსის“ გალა დაჯილდოებაზე Silk Road Tribute Gala გადასცეს, რომელიც 2026 წლის 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა.
ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „ბრმა პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის რიგით 99-ე „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით სწორედ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარადგინა.
Silk Road Tribute Gala-ზე ლევან კოღუაშვილთან ერთად ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის გამორჩეული ხელოვანებიც დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე.
„ლევან კოღუაშვილის საერთაშორისო აღიარება ქართული კინოს მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედებით პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.