ლევან კოღუაშვილმა ახალი ფილმის გადაღებები დაასრულა 
ლევან კოღუაშვილმა ახალი ფილმის გადაღებები დაასრულა 

„ქუჩის დღეებისა“ და „შემთხვევითი პაემნების“ რეჟისორმა, ლევან კოღუაშვილმა ახალი ფილმის გადაღებები დაასრულა.

„მეოთხე ბრაიტონი“ ასე ჰქვია კინოსურათს, რომელიც ხუთი ქვეყნის საქართველოს, საფრანგეთს, ბულგარეთის, საბერძნეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა.

ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტი მამისა და შვილის თავგადასავალზე მოგვითხრობს. სოციალური და ფსიქოლოგიური კრიზისის ზღვარზე მყოფი შვილის დასახმარებლად, ნიუ- იორკში საქართველოდან მამა ჩადის.

„მეოთხე ბრაიტონი“ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებული პროექტია. პირველი არხის პავილიონში , ფილმის ამერიკული ნაწილის ინტერიერის სცენები გადაიღეს. ექსტერიერის სცენების გადაღება აშშ-ში კი მარტის ბოლოს დასრულდა.

ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი შეასრულებს. მასთან ერთად ფილმში კახი კავსაძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი და თემო გვალია თამაშობენ.

ცოტა ხნის წინ კი ამერიკულმა კინოგამოცემამ ioncinema.com და საავტორო კინოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრიტანულმა ვიდეო პორტალმა MUBI-მ ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იმ ფილმების სიაში შეიყვანა, რომელთა გამოსვლასაც ყველაზე მეტად ელოდებიან.

ფილმის დასრულებას რეჟისორი შემოდგომაზე ვარაუდობს, რის შემდეგადაც კინოსურათი საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს.