ლევან კობიაშვილი მაია ცქიტიშვილს სთავაზობს, რომ ზუგდიდის სტადიონზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნონ 
ლევან კობიაშვილი მაია ცქიტიშვილს სთავაზობს, რომ ზუგდიდის სტადიონზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნონ 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონზე საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა.

ლევან კობიაშვილმა ზუგდიდის სტადიონის პრობლემაზე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში წარსდგა.

„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, კერძოდ ზუგდიდში ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის პროექტს. მე რამდენჯერმე გახლდით ადგილზე და საკმაოდ კრიტიკულია ის მდგომარეობა, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება. სავარაუდოდ, პროექტი თავიდანვე არასწორად დაიგეგმა. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პირველი ნაწილი დასრულებულია, არსებობს ხარვეზები, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. როგორც ვიცი, მეორე ეტაპის დასაწყისისთვის ეს პრობლემები აღმოიფხვრება. ვისურვებდი, რომ მომავალში მსგავს შემთხვევებში ფეხბურთის ფედერაცია თავიდანვე ჩაერთოს, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი პრეცენდენტები. მინდა გთხოვოთ, რომ უახლოეს მომავალში ადგილზე ერთად ჩავიდეთ და მივხედოთ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.