ლევან კობიაშვილი - თუ ქართული ღვინო 8 000 წელს ითვლის, ე.ი. ჩვენი გასტრონომიაც 8000 წლისაა
ლევან კობიაშვილი - თუ ქართული ღვინო 8 000 წელს ითვლის, ე.ი. ჩვენი გასტრონომიაც 8000 წლისაა

თუ ქართული ღვინო 8 000 წელს ითვლის, ე.ი. ქართული გასტრონომიაც 8000 წლისაა, რადგან ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია, – ამის შესახებ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის „ბოკუს დორის“ [ Bocuse D’Or] ქართული წარმომადგენლობის „ბოკუს დორ ჯორჯიას“ [ Bocuse D’Or Georgia] პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში ქართული სამზარეულოს პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს, რომლის პოპულარობაც საერთაშორისო მასშტაბით იმდენად გაიზარდა, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ ჩემპიონატზე Bocuse D’Or -ზე დაიშვა. ქვეყანა 2020 წლის კონკურსზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.

დისკუსიის დროს აღნიშნა, რომ უცხოელი ტურისტების მოზიდვაში ე.წ. გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ქართულმა კულინარიამ მსოფლიოს გატსრონომიულ ტენდენციებს ფეხი სწრაფად უნდა აუწყოს.

Bocuse D’Or Georgia-ს პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მოსაზრებით, რომელიც ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტის „მასტერშეფის“ ჟიურის წევრია, Bocuse D’Or -ის ოჯახში გაწევრიანება ქართულ სამზარეულოს ახალ პერსპექტივას უხსნის.

„მე ვფიქრობ, ქართული სამზარეულოს განვითარების ახალი ეპოქა დაიწყო, რადგან ნელ-ნელა შევდივართ მსოფლიოს დიდ ოჯახში, სადაც ქართულ კულინარიას და გასტრონომიას უფრო კარგად გაიცნობენ. ჩემი აზრით, ქართულ სამზარეულოს და ზოგადად გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენცია გააჩნია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ Bocuse D’Or -ის დიდ ოჯახში გავწევრიანებულიყავით, რათა ნელ-ნელა გავიზარდოთ ჩვენც, ქვეყანაც და ამ კუთხით მსოფლიო აღიარებაც მოვიპოვოთ“, – განაცხადა კობიაშვილმა.

Bocuse D’Or Georgia-ს პრეზიდენტი თვლის, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტებს იზიდავს – ეს ადგილობრივი სამზარეულოა. ამიტომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორმა ქართული სამზარეულოს ცნობადობის ზრდას ხელი ისევე უნდა შეუწყონ, როგორც ეს ღვინის დარგში ხდება.

„სახელმწიფოს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ღვინო მეტ-ნაკლებად მთელმა მსოფლიომ კარგად გაიცნო და იცის, რომ ღვინის აკვანი ვართ. თუ ღვინო 8000 წელი არსებობდა – ე.ი. საჭმელიც არსებობდა. ამიტომ გასტრონომიაც 8 000 წელს ითვლის, რადგან ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი ინტენსიურად უნდა ჩაერთოს ამ კუთხით, რადგან ქვეყნას განვითარება სჭირდება და მათი ხელშეწყობით ეს პროცესი უფრო დაჩქარდება და უფრო სწრაფად წავალთ იქით, საითაც მსოფლიო მიდის. მაგრამ ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ. უნდა იყოს ბევრი კარგი ტრადიციული რესტორანი და ასევე უნდა იყოს სხვა – 21-ე საუკუნის შესაფერისიც“, – განუცხადა ლევან კობიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.