ლევან კობიაშვილი - თბილისში კიდევ სამი საფეხბურთო ცენტრი შენდება
ლევან კობიაშვილი - თბილისში კიდევ სამი საფეხბურთო ცენტრი შენდება

„გლდანის საფეხბურთო ცენტრი არც პირველია და არც ბოლო, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ააშენა და უახლოეს მომავალში ააშენებს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის 2 დეკემბერს ვარკეთილში გაიხსნა. ეს პროექტი, ისევე როგორც გლდანის საფეხბურთო ცენტრი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა – სახელმწიფოს მონაწილეობა ტერიტორიის გადაცემით გამოიხატებოდა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს ფინანსებით აშენდა.

ლევან კობიაშვილის თქმით, მალე ახალი პროექტები განხორციელდება და კონკრეტული სტადიონები დაასახელა.

„ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტები რაც შეიძლება მეტი განვახორციელოთ, რომ იყოს მეტი სტადიონი, სადაც დღევანდელზე მეტი ბავშვი ივარჯიშებს. ჩვენ უკვე კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ – ვაკეში, სპორტის აკადემიის სტადიონის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოსა და დიდ დიღომში. სპორტის აკადემიის სტადიონი დააახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებსაც ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს. პროქტები კიდევ განხორციელდება, თბილისშიც და რეგიონებშიც. ჩვენი ფეხბურთის მომავალი ამაზეა დამოკიდებული“, – აცხადებს კობიაშვილი.