ლევან კობიაშვილი - გვსურს, გერმანიაში დიდი ხნით დავრჩეთ და ეს არაჩვეულებრივი დღეები გავაგრძელოთ, რისი მონაწილეებიც ვართ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - გვსურს, გერმანიაში დიდი ხნით დავრჩეთ და ეს არაჩვეულებრივი დღეები გავაგრძელოთ, რისი მონაწილეებიც ვართ #1TVSPORT

ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრაზე. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთთან მეორე ტურში გუნდი უფრო იღბლიანი იქნება.

„მინდა, სრულიად საქართველოს  ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მივულოცო. ჩვენი ქვეყნის დროშა აღიმართა და საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ეს იყო დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი ოცნება და ამიტომ ეს დღე საკმაოდ ემოციური გამოვიდა.

ძალიან სასიამოვნო იყო ის ყველაფერი, რაც დორტმუნდში ხდებოდა. ამისთვის ნამდვილად ღირდა ცხოვრება.

ამაყი ვარ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს, რომელმაც მოედანზე ყველაფერი გააკეთა. თუმცა, უცნაური გრძნობაა, ერთი მხრივ, ის სიამაყე, რასაც ჩვენი გუნდის თამაშით ვგრძნობდით და, მეორე მხრივ, წაგებით გულდაწყვეტილები ვიყავით.

ჩემი აზრით, ის შედეგი, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა, არ ასახავდა იმ რეალობას, მაგრამ ტურნირი გრძელდება და ახლა სრული კონცენტრაცია შაბათის მატჩზე უნდა გადავიტანოთ.

სურვილიც გვაქვს და იმედიც, რომ ჩეხეთთან არა მხოლოდ პოზიტიურ თამაშს ვაჩვენებთ, არამედ ქულებსაც დავაგროვებთ, ამისთვის ყველაფერი კეთდება.

ხვალ ჰამბურგში გავემგზავრებით, სადაც სხვა მეტოქე გვეყოლება, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ეს იოლი თამაში არ იქნება, თუმცა ქულები და მოგება გვჭირდება. გვსურს, გერმანიაში დიდი ხნით დავრჩეთ და გავაგრძელოთ ის არაჩვეულებრივი დღეები, რისი მონაწილეებიც ვართ“, – ამბობს კობიაშვილი.