ლევან კობიაშვილი – გვჯერა, ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფუტსალის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად შეხვდა და ევრო 2026-ზე წარმატებები უსურვა.
„გვიხარია და ვამაყობთ, რომ ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. იმედიანად ვართ და გვჯერა, რომ, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ახლაც წარმატებით ვიასპარეზებთ.
მოტივირებული გუნდი გვყავს. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ მივულოცო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სამი ქვეყანა უმასპინძლებს – სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიას, ხორვატიას და საფრანგეთს შეხვდება. ჩვენი გუნდი პირველ მატჩში 21 იანვარს ლატვიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.