ლევან კობიაშვილი - ევრო 2023-ის მასპინძლობა საქართველოსადმი უდიდესი ნდობის გამოხატულებაა #1TVSPORT
ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრამდე, რომლის ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი, სფფ-ს პრეს-სპიკერი ოთარ გიორგაძე იყო, დამსწრეებს რუმინეთის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა, რიზვან ბურლეანუმ და ლევან ლევან კობიაშვილმა მიმართეს.
„ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა განსაკუთრებულია. ცხადია, ის, რომ ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული სანაკრებო ღონისძიება საქართველოში იმართება, უდიდესი ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიმართ.
ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით ემზადება მოახლოებული ჩემპიონატისთვის, გუნდს აქვს სურვილი და ვფიქრობ რესურსიც, რომ წარმატებით ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, მითუმეტეს საკუთარ ქვეყანაში.
ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ წარმატებით თამაშობენ სხვადასხვა ევროპულ ლიგაში და ეს, რა თქმა უნდა, ინტერესს კიდევ უფრო ზრდის გულშემატკივრებში ფეხბურთისადმი. ამას გარდა, ამ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში უამრავ ახალგაზრდა ვარსკვლავს ველოდებით ამჯერად უკვე სხვა ევროპული ნაკრებებიდანაც.
ქვეყნის მასშტაბით იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და გოგონათა და ბიჭების ჩართულობას ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ სპორტის სახეობაში“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.