ლევან კობიაშვილი - ერთადერთი, რაც წინა ხელისუფლებამ გლდანს გაუკეთა, ააშენა ციხე და გაავსო ჩვენი მოქალაქეებით
ლევან კობიაშვილი - ერთადერთი, რაც წინა ხელისუფლებამ გლდანს გაუკეთა, ააშენა ციხე და გაავსო ჩვენი მოქალაქეებით

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი წარადგინა, რის შემდეგაც პარტიამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ჩვენ გუნდს. გუნდმა, რომელმაც მეორედ გამომიცხადა ნდობა და დამასახელა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, უდიდესი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი გასული ოთხი წლის განმავლობაში. ოთხი წელი, რომელიც ჩვენ ერთად, გლდანელებთან ერთად შევქმენით. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანი დღეს არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წლის შემდეგ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ ჩვენი გუნდის წევრის მხარდაჭერით.

ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში იმ რაიონის, რომელ რაიონშიც დაიბადე და გაიზარდე. რაიონს, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩემი ახლობლები, მეზობლები, ჩემი უბანი, ჩემი სკოლა პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდი.

ჩემი წარსული საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გუნდურობა. ყოველთვის ვიყავი კარგი გუნდის კარგი მოთამაშე და პოლიტიკაში ზუსტად ამ არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი, მაგარი გუნდის კარგი წევრი. მიხარია და ვამაყობ ამით და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ გლდანისთვის. ნამდვილად, ძალიან კარგად იცის თითოეულმა გლდანელმა, რა იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მათთვის გლდანი მნიშვნელოვანი არ იყო და ერთადერთი რამ, რაც გლდანს გაუკეთეს – ააშენეს ციხე და გაავსეს ციხე ჩვენი მოქალაქეებით. ჩვენ ციხეების აშენება არ გვჭირდება და არც მისი გავსება. ჩვენ ვაკეთებთ და ვაშენებთ სკოლებს, ვაშენებთ ბაღებს, ვაშენებთ უნივერსიტეტებს, სკვერებს და სტადიონებს. ზუსტად სიმბოლურად ვართ იმ ადგილას, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა არაჩვეულებრივი პროექტი, ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი – ფეხბურთის სტადიონი აშენდა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობებისთვის. თაობებისთვის, რომელიც არის ჩვენი მომავალი, მათი განათლება, მათი ჩართულობა სპორტულ აქტივობაში და ეს არ ხდება მხოლოდ გლდანში.

ამ ქვეყანაში ნამდვილად აღარ დაბრუნდება ის დრო, როდესაც სტადიონებს ანგრევდნენ და სტადიონებს ყიდდნენ. არა, პირიქით, ვაშენებთ და ავაშენებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა და მივდივართ ამ სწორ გზაზე, ვერავინ, ვერც ერთი ძალა ამ ქვეყანაში ვერ შეუშლის ხელს ამ გზის წინსვლას. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი და ნამდვილად, მეამაყება, რომ გუნდის წევრი ვარ და ასევე ნამდვილად დიდი პატივია ეს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკეთეს გლდანს ვიხილავთ და უკეთესი ქვეყანა გვექნება, ყველა ჩვენგანი ვიცხოვრებთ ამ ძალიან მაგარ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.