ლევან კობერიძემ უმრავლესობას მიმართა - თქვენსა და ხალხს შორის კორდონი მუდმივად არ იქნება, მალე ძალიან მწარე პასუხების მიღება მოგიწევთ
ლევან კობერიძემ უმრავლესობას მიმართა - თქვენსა და ხალხს შორის კორდონი მუდმივად არ იქნება, მალე ძალიან მწარე პასუხების მიღება მოგიწევთ

სწორედ „ქართული ოცნებისთვის“ არის ყველაზე მომგებიანი, რაც ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მან ორპოლუსიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მართავს ქვეყანას.

„რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ისმინებოდეს და მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც ხდება იმ ორპოლუსიანობაზე, რასაც ვხედავთ, ეს დღეს ყველაზე მომგებიანი არის სწორედ „ქართული ოცნებისთვის“. თქვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მართავთ ქვეყანას, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღეთ ქართული საზოგადოებისთვის საერთო სახალხო შეთანხმების მოპარვით, რასაც საერთო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ერქვა. თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება არ გააჩნდა თავისი მმართველობის მერე, გამოვიდნენ დღეს და საზოგადოება მოძღვრონ. შეიძლება, თქვენ ეს გსიამოვნებთ, მაგრამ საზოგადოებას ნამდვილად არ სიამოვნებს“, – მიმართა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისი შეფასებით, მმართველ გუნდსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ორპოლუსიანობა აწყობთ.

„თქვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგი არის ერთობლივად მართვა. ეს არის თვალნათელი, რადგან გაწყობთ ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ორ პარტიას, რომლებსაც როგორც ჩანს, ერთმანეთთან არაცნობიერი შეთანხმება აქვთ, რომ ასე მართოს ქვეყანა. ორივე ერთმანეთს კარგად გრძნობს. თქვენ მისცემთ საბაბს, მერე ისინი გამოვლენ და იტყვიან, რომ ხალხის სახელით საუბრობენ, შემდეგ თქვენ ამას გმობთ და თქვენს კინკლაობას უნდა უყუროს ხალხმა, ვინც ქუჩაში არ გამოდის, ვინც უყურებს, რომ არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ორივე ძალას ლეგიტიმაცია და ნდობა აქვს დაკარგული. გასაგებია „ნაციონალურ მოძრაობა“ რასაც აკეთებდა და იმიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა, ახლა თქვენც იმ გზას ადგახართ“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

დეპუტატით შეფასებით, ხელისუფლება თავისი არასწორი ნაბიჯებით დესტრუქციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ახლა, ამ ორპოლუსიან დაძაბულობაში, კინკლაობაში და პროტესტში, რისი მორალური უფლება თქვენ მიეცით, თქვენვე ნუ ვიშვიშებთ, რომ მიუღებელია და არ არის პოლიტიკური დღის წესრიგი. როგორ უნდა იყოს პოლიტიკური სიმშვიდე ქვეყანაში, როდესაც თქვენ თვითონ, თქვენი არასწორი ნაბიჯებით აკეთებთ ყველაფერს, რომ დესტრუქცია მოხდეს ქვეყანაში. მერე მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, შემდეგ სააკაშვილი მოადგება რომელიმე საზღვარს მარტი-აპრილის თვეში და შემდეგ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ მოსახლეობამ არჩევანი თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთოს. ასე იქნება და ეს მოგწონთ თქვენ. ეს არის უბედურება“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

როგორც კობერიძემ სესიაზე აღნიშნა, ეს არის უპასუხისმგებლობა.

„ამას ვერ მიიღებთ, რადგან ეს ხალხის გულში და განზრახვაში არ დევს, ხალხის გონებაში აღარ არის, მაგრამ თქვენ ასე გაწყობთ, რადგან სხვა გამოსავალი აღარ არის. თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით თქვენივე თავი მოატყუეთ ბოლოს. საზოგადოება კი არა, მოახერხეთ, რომ თქვენივე თავი და თქვენივე „ოცნების“ წევრები მოატყუეთ. ახლა რაღაც წინადადებით შემოდიხართ ვითომ, არ დააყენებთ მაჟორიტარებს. „ქართული ოცნება“ დღეს საზოგადოებას არ ელაპარაკებით, ელაპარაკებით ისევ თქვენს მაჟორიტარებს, რომ იქ, სადღაც არ დააყენებთ კანდიდატებს, თუ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები გამოვლენ, სავარაუდოდ, ასეთია ჩანაფიქრი“, – განაცხადა კობერიძემ.

როგორც მან სესიაზე აღნიშნა, ხელისუფლება თავის ქმედებებზე მწარე პასუხებს მიიღებს.

„მგონია, რომ ეს კორდონი მუდმივად არ იდგება თქვენსა და ხალხს შორის. მგონია, რომ ძალიან მწარე პასუხების მიღება მოგიწევთ ძალიან მალე, რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, ასე მოხდება. თუმცა ეს პარადოქსულიც არ არის. რაც გააკეთეთ, იმის პასუხი იქნება. თქვენთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა, აქ რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ მჯდარიყო, ძალიან მოგეწონებოდათ ეს. ჩვენ ვილაპარაკოთ, აბა გვკითხეთ და პასუხები გაგვეცით კითხვებზე. ვფიქრობ, ძალიან გაგიჭირდებათ ბევრ თქვენგანს, რადგან არ გაწყობთ, ახალი პოლიტიკურ ძალა შეიქმნას. იყავით ამ ორპოლუსიანობაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მისამართით ლევან კობერიძემ.