ლევან კობერიძე - ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ წარიმართება პროცესები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ასევე პროკურატურის ქმედებებს
ლევან კობერიძე - ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ წარიმართება პროცესები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ასევე პროკურატურის ქმედებებს

ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, უახლოეს დღეებში როგორ წარიმართება პროცესები, მათ შორის შეხვედრა, რომელიც დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშთან დააანონსეს, ასევე პროკურატურის ქმედებებს, რამდენად სწრაფად წაიწევენ თაროზე დიდი ხნის შემოდებულ ამ საქმეში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებთან, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეფერხებების დაფიქსირების შემთხვევაში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.

„თუკი დავინახავთ, რომ იქნება შეფერხებები, ჩვენ დავაყენებთ საკითხს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ესწრებოდნენ აქიმიძესა და დვალთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, კობერიძის თქმით, შეხვედრა ყველასთვის ღია იყო.

„ღია შეხვედრა იყო, წინასწარ დაანონსებული, პრაქტიკულად ყველამ იცოდა. არავისთვის იყო დაფარული და არ ვიცი, რატომ არ მოვიდნენ. მათ ადგილას მე ალბათ მოვიდოდი, რადგან ერთ-ერთი ცხარე, მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად უკვე პოლიტიკური თემაა დღევანდელ დღეს. ცოტა გამიკვირდა, ველოდებოდი, რომ უმრავლესობასაც დააინტერესებდა ეს თემა. თუმცა, ონლაინ გადაიცემოდა და შეიძლება, იქ უყურებდნენ“, – განაცხადა კობერიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი და დაინტერესებული პირები დღეს პარლამენტში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდნენ. შეხვედრა ლევან კობერიძის ინიციატივით გაიმართა.

დატოვე კომენტარი