ლევან კობერიძე - ვაკის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის პოლიტიკური შეთანხმება ან დაპირება არ ყოფილა
ლევან კობერიძე - ვაკის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის პოლიტიკური შეთანხმება ან დაპირება არ ყოფილა

ვაკის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის რამე სახის პოლიტიკური შეთანხმება ან დაპირება არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე, „ევროპული საქართველოდან“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიასა და ოპოზიციური პარტიების შეფასებებს.

დეპუტატის თქმით, „ვინაიდან, „ლელო“ ასეთ მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ჩანს, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურ კონკურენტად უკვე მიიჩნია“.

„ალბათ, „ლელო“ ერთადერთია იმ პარტიებს შორის, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, არჩევნებში მოსახლეობის ის ნაწილი გამოიყვანოს, რომელიც გარკვეულწილად, ნიჰილისტურად არის განწყობილი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შექმნილი ორპულოსიანობის გამო. „ლელოს“ განაცხადი, რომ ყველა საარჩევნო ოლქში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს, განპირობებულია იმით, რომ რეალურად, მოსახლეობას სჭირდება ახალი, ძლიერი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. „ლელოს“ ადამიანური რესურსი, პოლიტიკური შინაარსი და პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ გახდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ლიდერი პარტია. ვინაიდან, „ლელო“ ასეთ მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ჩანს, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურ კონკურენტად უკვე მიიჩნია და მას ძლიერ კონკურენტად განიხილავს. რაიმე სახის პოლიტიკური შეთანხმება და დაპირება „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არ ყოფილა და შესაბამისად, კრიტიკა ცოტა თითიდან გამოწოვილია. ამომრჩეველი კონკურენციას ელოდება. თავად ის პიროვნება ვარ, რომელიც ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, მხოლოდ კონკურენციის შედეგს ვაღიარებ. რაც უფრო მწვავე იქნება კონკურენცია, მით უფრო საინტერესო იქნება ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა კობერიძემ.

„ლელოს“ მიერ ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენებას დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, „ლელოს“ მხრიდან ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენება მისთვის მოულოდნელობა იყო.