ლევან კობერიძე - თუკი მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის საბჭოს არაკეთილსინდისიერი წევრებისთვის თავის დაძვრენის საშუალება იქნება, საბჭო სახლში იქნება გასაშვები
ლევან კობერიძე - თუკი მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის საბჭოს არაკეთილსინდისიერი წევრებისთვის თავის დაძვრენის საშუალება იქნება, საბჭო სახლში იქნება გასაშვები

თუკი დავინახავთ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე დაწყებული პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერი წევრებისთვის სიტუაციიდან თავის დაძვრენის საშუალება იქნება, ასეთ შემთხვევაში, საბჭო არსებული შემადგენლობით სახლში იქნება გასაშვები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კარგია, რომ პროცესი დაიწყო და უფრო ფართო ფორმატში გადავიდა.

„საკანონმდებლო შეთავაზებები სხვადასხვა ფორმატში უნდა იყოს განხილული, ეს იქნება სამუშაო ჯგუფში თუ რეფორმის განმახორციელებელ ჯგუფში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 97-პროცენტიან რეიტინგს მურუსიძეს ანიჭებს, იმ მოსამართლეს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში ფიგურირებს.

ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი სახის იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით დარჩეს. ცვლილებები განსახორციელებელი სწორედ ამ მიმართულებით არის“, – აცხადებს კობერიძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არსებული შემადგენლობით სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს.

„მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები სასამართლო სისტემისადმი ნდობას დაბლა წევს. ცვლილებები დასაწყები აქედან არის, თუმცა მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანია. რეფორმის ფარგლებში იუსტიციის საბჭო იმისთვის იყო შექმნილი, რომ სისტემის გაჯანსაღება მომხდარიყო, მაგრამ მას გარკვეული ჯგუფი იყენებს, რაც გამოჩნდა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.