ლევან კობერიძე  - საქართველო ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის მზად არ არის  
ლევან კობერიძე  - საქართველო ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის მზად არ არის  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგია.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, ქვეყანა და საზოგადოება ამისთვის მზად არ არის.

„დღეს საქართველოში ის მდგომარეობაა, როცა კანონპროექტში ასახული პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რაც უნდა გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ საქართველო და საზოგადოება დღეს ლეგალიზებისთვის მზად არ არიან. რეალურად, გაცილებით უფრო სხვა პრობლემები გვაქვს, ვიდრე მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციაა.  არც ერთ ნარკოტიკულ საშუალებას არ გამოვყოფ, რადგან კანონპროექტში ყველა ნარკოტიკული საშუალება ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება, რაც ძალიან მკაფიო პოზიციაა”, – ამბობს კობერიძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა – მძიმე, მსუბუქ, კლუბურ, არაკლუბურ და მარიხუანად, აბსურდულია.

„ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკული საშუალებაა, რაც მავნებელია და ეს ერთნაირი რეგულაციის ქვეშ უნდა მოექცეს, გაყოფა არასწორი იქნება“, – აცხადებს დეპუტატი.

კობერიძე ყურადღებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზეც ამახვილებს და ამბობს, რომ პარლამენტში ცვლილებებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

„ერთი თვე იმისთვის ავიღეთ, რომ პოზიციები ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდეს და  შეჯერდეს, რათა პროცესს მსვლელობა მიეცეს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება,  დაჩქარდეს პროცესი”, – დასძინა კობერიძემ.

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ცვლილებები ამ დრომდე არ განუხილავს. ლევან კობერიძე აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია.