ლევან კობერიძე - სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია სერიოზულ კითხვებს თვალების პაჭუნით პასუხობს, მალე ხელისუფლება დარჩება მოსახლეობისგან თვალებჩაპაჭუნებული
ლევან კობერიძე - სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია სერიოზულ კითხვებს თვალების პაჭუნით პასუხობს, მალე ხელისუფლება დარჩება მოსახლეობისგან თვალებჩაპაჭუნებული

დეპუტატ ლევან კობერიძის შეფასებით, ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ კონგრესმენების თუნდაც კრიტიკული წერილი უნდა მიიღოს, როგორც საქართველოს მეგობრების წერილი.

როგორც კობერიძემ ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, ოპოზიცია დოკუმენტს ნიშნისმოგებით არ უნდა აფრიალებდეს და ამავდროულად, ხელისუფლების დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს ცინიკური.

კობერიძის აზრით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის მეგობრებისგან მიღებული კრიტიკული წერილები გაიაზროს და პასუხისმგებლობაც გადაინაწილოს.

„ის წერილები, თუნდაც კრიტიკის წერილი, რომლებსაც ჩვენი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან იღებს საქართველოს ხელისუფლება, არის საქართველოს მეგობრების წერილები. ასე უნდა მიუდგეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ეს არ უნდა იყოს არც ოპოზიციის მხრიდან საფრიალებელი დოკუმენტი, რომ „აი, ხელისუფლებას ყური ავუწიეთ“, მეორე მხრივ, არც ხელისუფლება უნდა ისხლიტავდეს და ცინიკურ პასუხებს სცემდეს ამ წერილს. პოლიტიკური სპექტრი უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი მეგობრებისგან მიღებული კრიტიკული წერილები გავიაზროთ და გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, რაც გვეკუთვნის. ხელისუფლებისადმი მიწერილ ამ წერილებში, კრიტიკის უდიდესი წილი ხელისუფლებას ეკუთვნის. სჯობს, ხელისუფლებამ, ცინიკური განცხადებების ნაცვლად, ყურად იღოს ეს რჩევები, დაჯდეს ოპოზიციასთან ერთად, გაუნაწილოს მას პასუხისმგებლობა და ერთად გადავწყვიტოთ, რა და როგორ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მეგობრები მსგავს განცხადებებს მაშინ აკეთებენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების კურსს სცდება.

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობა და სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იძლევა, რაც არანაირად არ ჯდება ხელისუფლების ტონში. სამწუხაროა, რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს პასუხობს ირონიით – „წერილი გინდა თუ სიხარული“ და თვალების პაჭუნით. მაშინ, აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, გამოდიან და ღლიცინით პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ეს ასე არ დარჩება. ძალიან მალე თვალებჩაპაჭუნებულები დარჩებიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.