ლევან კობერიძე - სამიდან თუ ვინმე იყო გამოსაშვები და პოლიტპატიმარი, ეს არის გიორგი რურუა
ლევან კობერიძე - სამიდან თუ ვინმე იყო გამოსაშვები და პოლიტპატიმარი, ეს არის გიორგი რურუა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ უგულავა-ოქრუაშვილი-რურუას შორის თუ ვინმე იყო პოლიტპატიმარი და გამოსაშვები ციხიდან, ეს იყო გიორგი რურუა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ზურგს უკან აქვთ კომუნიკაცია და თანხმდებიან ბევრ საკითხზე.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდო, რომ თავის დროზე გიგი უგულავას გამოშვება იყო სწორედ ამ გარიგების შედეგი, მერე რაღაც არ მოეწონა ივანიშვილს და შეაბრუნა უკან ციხეში. მე შევხვდი რურუას პირად ადვოკატს, ვესაუბრე, ვნახე მასალები. იმ სამიდან ვინმე გამოსაშვები და პოლიტპატიმარი თუ არის, ეს არის რურუა. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე არ შეასრულა თავის პირობა – ხმა მისცა ამ კენჭისყრას 120/30-ზე, მაგრამ რა პირობაც აქვს დადებული ჩვენ მიღმა და მჯერა, რომ ეს პირობა მას დადებული აქვს, ბოლომდე არ შეასრულა და რურუა არ გამოუშვა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ კენჭისყრის შემდეგ, გირაოთი გამოუშვებენ რურუას და მერე იტყვიან, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ. 29 ივნისს არის საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა. ვადების მიხედვით, ხვალ და ზეგ არის ვადა, როდესაც ადვოკატს შეუძლია, დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და გამოუშვან რურუა გირაოთი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სცენარი იქნება. ასეთი ნაბიჯები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ შესულია მათთან მოლაპარაკებაში და ესენი ფინტაობენ ჩვენი ბედით. პოლიტიკური კეკლუცობა საზოგადოების ზურგს უკან უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.