ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს  გამოყოფილი 20 მილიონიდან ერთი ლარიც არ არის ათვისებული
ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს  გამოყოფილი 20 მილიონიდან ერთი ლარიც არ არის ათვისებული

 

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის განვითარებაზე არ არის მიმართული, ეს ბიუჯეტი არის იმისთვის, რომ მიაგოროთ არჩევნებამდე ქვეყანა, არაფერი ისეთი, რომ ხედვა იყოს ჩადებული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.

მისი თქმით, ბიუჯეტი მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ამასთან დეპუტატმა, საკრედიტო-საგარანტიო ფონდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის გამოყოფილი თანხიდან არც ერთი ლარი არ არის ათვისებული

„ამ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაკლი არის, რომ თქვენ ამბობთ, მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული. დიახ, მოქალაქეზე უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებული, აბა, ვისზე უნდა იყოს ისედაც და ასედაც, მაგრამ რით გინდათ მოქალაქემდე სიკეთე მიიტანოთ, ეს არის თემა. რაში ავითარებთ ეკონომიკას? საკრედიტო-საგარანტიო ფონდი ჩავდეთ ეკონომიკის განვითარებისთვის, ერთად ვიწვალეთ. 20 მლნ ლარი იყო გამოყოფილი ამ წლის ბიუჯეტში. ერთი ლარი მაინც არის ათვისებული იქიდან? არ არის ათვისებული, რადგან ბოდიშით და ფეხებზე დაიკიდა ვიღაცამ ან სათავისოდ ვერ მოირგო ის ბიუჯეტი. შემდეგ ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ პატარა სასტუმროების მშენებლობებზე სესხები უნდა გადავუფაროთ, პროცენტი დავუფინანსოთო. ამისთვის იყო საკრედიტო-საგარანტიო ფონდი შექმნილი? არა, სულ სხვა მექანიზმისთვის იყო შექმნილი“, – განაცხადა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე.