ლევან კობერიძე „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს
ლევან კობერიძე „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რამდენიმე დეპუტატთან ერთად,  პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრისა და მსჯელობის გამართვას სთავაზობს. ამის შესახებ კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, შეხვედრა მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით შედგება.

„ეს თემა დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და იმავდროულად, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის, (რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან) საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეში – პარლამენტში მოწვევას და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ“, – წერს ლევან კობერიძე.

დეპუტატი აღნიშნულ შეთავაზებაზე აქიმიძისა და დვალის მოსაზრებას ელოდება, დაინტერსების შემთხვევაში კი, მათ ოფიციალურ მოწვევას გაუგზავნის.

„დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას“, – აღნიშნავს  დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე.