ლევან კობერიძე - მხოლოდ დადებითს ვხედავ იმაში, რომ მოქალაქეთა ხმები კანონით იყოს დაცული, მაგრამ ხელისუფლება ამ კანონებს მხოლოდ ოპონენტების საწინააღმდეგოდ იყენებს
ლევან კობერიძე - მხოლოდ დადებითს ვხედავ იმაში, რომ მოქალაქეთა ხმები კანონით იყოს დაცული, მაგრამ ხელისუფლება ამ კანონებს მხოლოდ ოპონენტების საწინააღმდეგოდ იყენებს

მხოლოდ დადებითს ვხედავ იმაში, რომ მოქალაქეთა ხმები კანონით იყოს დაცული, მაგრამ ასევე ვხედავ რეალობას, რომ ხელისუფლება ამ კანონებს მხოლოდ ოპონენტების საწინააღმდეგოდ იყენებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კობერიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას საარჩევნო დარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლება ერთი მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თავის მოწონებას, ხოლო მეორე მხრივ, საკანონმდებლო ბაზის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო გარემო მართული იქნება ადმინისტრაციული რესურსითა და ძალოვანი უწყებებით. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მაქსიმალურად ეცდებიან, საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და საარჩევნო პროცესს მონიტორინგი გაუწიოს. რაც შეეხება კანონპროექტს, მხოლოდ დადებითს ვხედავ იმაში, რომ მოქალაქეთა ხმები კანონით იყოს დაცული, მაგრამ ამავდროულად, ვხედავ რეალობას, რომ ხელისუფლება ამ კანონებს იყენებს მხოლოდ ოპონენტების საწინააღმდეგოდ. ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თავის მოწონებას და მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებული რეალობისა და საკანონმდებლო ბაზის საკუთარ თავზე მორგებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.