ლევან კობერიძე - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების გამო, ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს
ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება თავისი შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ლევან კობერიძიე ვარაუდობს, რომ უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ქმედება უკრაინაში მწვავედ შეფასდება.
„ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება თავისი შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც. ვფიქრობ, მასაც მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. არ მგონია, რომ ეს უკრაინაშიც, მათ შორის, ოპონენტებისგან არ იყოს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ.
საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობამ რეალურად თავის გონებაშიც და სამართლებრივი თვალსაზრისითაც მკაფიოდ განსაზღვრა. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები წაყენებული და შესაბამისად, თუ იგი საქართველოში მოხვდება, იქნება ის ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, რაც არის კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.