ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმის ნაცვლად, სოციალური დახმარების გეგმა წარმოადგინა
ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმის ნაცვლად, სოციალური დახმარების გეგმა წარმოადგინა

ეს არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, ეს არის სოციალური დახმარების გეგმა – ალაგ-ალაგ მშვიდობაში, რასაც ხელისუფლება უჩუმრად და საკმაოდ ცბიერად ცდილობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განუცხადა, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ მთავრობის გეგმა რეალობაში ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის ხედვა იქნებოდა.

„ეს არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და ხედვა, ეს უფრო მეტად არის სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც ამოგლეჯილად გარკვეულ სეგმენტებზე, ზოგან კონკრეტულად, ზოგან კი, საერთოდ კონკრეტიკის გარეშე არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ორი თვის განმავლობაში ვისმენდით იმ დაპირებას, რომ დიდი ხანია, მთავრობა მუშაობს ამ კრიზისული გეგმის შემუშავებაზე. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მქონდა იმის, რომ ეს რეალობაში იქნებოდა მართლაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. სამწუხაროდ, ვხედავთ და სიტყვების შერჩევაშიც კი გამოიხატება, რომ მთავრობა პოლიტიკური თვალსაზრისით კომფორტულად გრძნობს თავს და კმაყოფილია შექმნილი სიტუაციით, კრიზისით როგორც ეკონომიკაში, ისე ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით, რადგან ფიქრობს, რომ დაზაფრული მოსახლეობის ნელ-ნელა, ასეთი ტემპით მიყვანა არჩევნებამდე, ოქტომბერში, თვლის, რომ მისთვის მომგებიანი იქნება. მე ვთვლი, რომ ხალხი ხედავს, რომ გარკვეული სოციალური დახმარების მიუხედავად, რაიმე სახის ხედვა არ არის, რითაც ქვეყანა კრიზისიდან გამოვა. თუ ასე გააგრძელებენ, ეპიდემიის კეთილად დასრულების შემთხვევაშიც კი, მოუწევთ პოლიტიკური არენიდან დიდი ხნით პოლიტიკურ არდადაგებზე წასვლა“, – განაცხადა კობერიძემ.