ლევან კობერიძე მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების ანაზღაურების საკითხზე მსჯელობის დაწყებას საჭიროდ მიიჩნევს
ლევან კობერიძე მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების ანაზღაურების საკითხზე მსჯელობის დაწყებას საჭიროდ მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საჭიროდ მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების ანაზღაურების თემა გაიხსნას და ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, მარეგულირებლებს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, თუმცა მათ გადაწყვეტილებებს კვაზი კანონის ფუნქციაც კი აქვს. შესაბამისად, ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იმ დარგებზე, რომლებშიც არიან წარმოდგენილნი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კადრი კვალიფიციური იყოს და იმდაგვარი ანაზღაურება ჰქონდეს, რომ მისი მუშაობის ხარისხი შესაბამისი იყოს, თუმცა მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდეს, ვინ რატომ იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, რა ფუნქცია აქვს, რას ასრულებს და რა სარგებელი მოაქვს. გასაგებია, რომ მარეგულირებლების ხელფასები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიდის და კერძო კომპანიებისაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ანაზღაურებაც იმ საერთო სიკეთიდან მიიღება, რაც გარკვეულწლად ტარიფში აისახება. გვინდა-არ გვინდა, ეს საკითხი მოსახლეობისა და ჩვენს ინტერესს იმსახურებს. მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების ანაზღაურება პრეზიდენტის ანაზღაურებაზე მეტი უნდა იყოს თუ ნაკლები, ეს ცალკე საუბრის თემაა. მახსოვს, რომ შევარდნაძის დროს მათი ანაზღაურება მაღალი იყო და ეს ხელფასები სწორედ იმიტომ დაენიშნათ, რომ კორუფციის რისკი მინიმუმამდე დაყვანილი ყოფილიყო. ახლა ეს რისკები საკმაოდ დაძლეულია და ეს არგუმენტი აღარ გამოდგება“, – განაცხადა კობერიძემ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, რომ მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურების შესახებ მსჯელობა დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა ​მარეგულურებელ კომისიასთან დაკავშირებით დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის შედეგად მიიღო.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრისა და თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება საქართვლოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

რომან გოცირიძის გათვლებით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება – 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას სამჯერ აღემატება.

კანონპროექტი მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, მხარი არ დაუჭირა და თავისი შენიშვნებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაუგზავნა.