ლევან კობერიძე - დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სააკაშვილი პრობლემებს შეუქმნის უკრაინასაც
ლევან კობერიძე - დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სააკაშვილი პრობლემებს შეუქმნის უკრაინასაც

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, დარწმუნებულია, ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი პრობლემებს შეუქმნის უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს უქმნიდა პრობლემებს.

„მე მგონი, ის მალე მიაღწევს იმას, რომ უკრაინასაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება საქართველოსთან ურთიერთობაშიც და საერთაშორისო არენაზეც. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამას გაცილებით მალე მიხვდებიან, ვიდრე საქართველოში მიხვდნენ“, – აღნიშნა კობერიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელმა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.

ამასთან, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარება მწუხარებას იწვევს, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია უფლებამოსილება, წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ არჩევნების წინ“.

„ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო, უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია – კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“, – დასძინა კულებამ.