ლევან ხომერიკი - „თელავის“ მსგავსი მუხტი და ერთსულოვნება იშვიათია #1TVSPORT
ლევან ხომერიკი - „თელავის“ მსგავსი მუხტი და ერთსულოვნება იშვიათია #1TVSPORT

„თელავის“ სამწვრთნელო სტაფში ბათუმის „დინამოს“ ორი ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი მუშაობს – თავდამსხმელი ლევან ხომერიკი და მცველი ივანე მახარაძე. ახლა ისინი გიორგი ჭელიძის ასისტენტები არიან. მათი თქმით, წარმატების საფუძველი გუნდში არსებული ატმოსფერო უნდა გახდეს.

„გიორგისთან ერთად 2005-ში მომიწია თამაში, ერთად გავიარეთ უეფა-ს პრო-ლიცენზიის კურსები და ერთმანეთი კიდევ უფრო ახლოს გავიცანით. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, იქიდან გამომდინარე რომ წესიერი, სამართლიანი, პროფესიონალი და ნიჭიერი კაცია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით „თელავს“ წარმატებას მოვუტანთ“, – ამბობს „თელავის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში ლევან ხომერიკი.

ივანე მახარაძე: „გიორგი ჭელიძის შემოთავაზებას ასისტენტობაზე სიამოვნებით დავთანხმდი მისი პიროვნებისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანი იყო კლუბის დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის ფაქტორი, რომელსაც წლებია ვიცნობ, ერთად გვითამაშია ბათუმის „დინამოში“, არის პროფესიონალი, პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც, როგორც ვიცი, უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ამ გუნდში და დღემდე აგრძელებს. მოკლედ, მთლიანობაში ვფიქრობ, ძალიან კარგი კონტიგენტი შევიკრიბეთ. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, ჩვენი ერთობლივი შრომა გუნდის წინსვლა-წარმატებას უნდა წაადგეს. ფეხბურთელებს რაც შეეხება, ბოლომდე გვენდობიან და მოგვყვებიან, რაც ძალიან სასიამოვნოა. ასეთი ერთსულოვანი და მეგობრული ბიჭები იშვიათია“.

ლევან ხომერიკი: „რამდენიმე გუნდში მიმუშავია, მაგრამ ასეთი მუხტი და ერთსულოვნება არ განმიცდია. ვიცოდი, რომ „თელავი“ ძალიან მებრძოლი და შეკრული გუნდი იყო და ახლა, როცა მეც ამ გუნდის წევრი ვარ, დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭებთან მუშაობა სასიამოვნო და საამაყოა. გუნდი ლოზუნგი – „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ რეალურად მუშაობს“.

ვანო მახარაძე: „ფეხბურთი მხოლოდ ტექნიკა-ტაქტიკა არ არის, ის განსხვავებული ადამიანების ურთიერთობაა, რაც „თელავში“ სამაგალითოა. ამიტომაც ძალიან ადვილად გავიარე ადაპტაცია და გავხდი ამ ოჯახის წევრი. კლუბში მომუშავე ადამიანები მაქსიმუმს აკეთებენ გუნდის წარმატებისთვის. ბიჭებზე კი უნდა ვთქვა, ასეთი მეგობრული, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული გუნდი იშვიათია, მათთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. ეს, რა თქმა უნდა, დიდწილად, მთავარი მწვრთნელისა და კლუბის დირექტორის დამსახურებაა. იმედი მაქვს, ჩვენი თამაშით და შედეგებითაც გავახარებთ „თელავის“ გულშემატკივარს, რომლებიც საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად თამაშებზე მრავლად მოდიან“.