ლევან ხარატიშვილი - გვაქვს ძალიან დიდი შანსი, ქართულმა ჭიდაობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში
ლევან ხარატიშვილი - გვაქვს ძალიან დიდი შანსი, ქართულმა ჭიდაობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

გვაქვს ძალიან დიდი შანსი, ქართულმა ჭიდაობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა პირველ არხს განუცხადა.

ხარატიშვილის ინფორმაციით, ეს ნომინაცია არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან აქ ხდება სწორედ კულტურისა და სპორტის სინთეზი.

„ქართულ ჭიდაობას აქვს უდიდესი ტრადიცია საქართველოში. განსაკუთრებით რელიგიური დღესასწაულების პერიოდში. თამაშობა და შეჯიბრი მდიდარი ილეთებით ტრადიციულად ახასიათებდა საქართველოს ისტორიას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს ინიცირებით, მოხდა სტატუსის განსაზღვრა, რაც საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა იუნესკო-ში ინიცირებით. ქართული ჭიდაობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ნომინირება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან აქ ხდება სწორედ კულტურისა და სპორტის სინთეზი. ეს არის პირველი მსგავსი ტიპის ნომინაცია საქართველოს ისტორიაში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოში სპორტისა და ჭიდაობის ძალიან მდიდარ ტრადიციას.

იუნესკო-ს არამატერიალური მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია იმართება მავრიკიაში და პირველადი შეფასებებით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ ქართულმა ჭიდაობამ დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში“, – განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

26 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია გაიმართება.  სესიაზე, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში, ქართული ჭიდაობის შეტანის საკითხი განიხილება. აღნიშნული საკითხის განხილვა, 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.